რუსეთმა საუდის არაბეთს გადაუსწრო და 2023 წელს ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთმა გასულ წელს ჩინეთში 107,02 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაგზავნა, რაც დღეში 2,14 მილიონი ბარელის ექვივალენტია.
რუსული ნედლი ნავთობის ფასი დასავლეთის სანქციებისა და დასავლეთის მიერ დაწესებული ფასის ლიმიტის ფონზე დაეცა, რაც მას უფრო მიმზიდველს ხდის ჩინელი მყიდველებისთვის. სააგენტო წერს, რომ ჩინეთის გადამამუშავებელი მწარმოებლები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს, შუამავლების გამოყენებით, რუსული ნავთობის გადაზიდვისა და დაზღვევისთვის.
18 იანვარს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ლიმიტს არ იცავდა.