ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზას რაკეტები ესროლეს

შაბათს ერაყში ცეცხლი გაუხსნეს -ის სამხედრო ბაზა აინ-ალ-ასადს. სააგენტოების თანახმად, რომლებიც აშშ-ის სამხედრო უწყებასა და ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეყრდნობიან, ბაზის ტერიტორიას მინიმუმ 15 რაკეტა ესროლეს. სულ ცოტა ორი მათგანი, როგორც იტყობინებიან, ბაზის ტერიტორიაზე აფეთქდა, დანარჩენები ჩამოაგდეს.
სერიოზულად დაშავდა ერაყის უშიშროების ძალების თანამშრომელი. Reuters-ის ცნობით, რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაიჭრა.
ამერიკელი სამხედროები ფიქრობენ, რომ რაკეტები ერაყის ტერიტორიიდან ისროლეს, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა პროირანულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ. ინციდენტისთვის ჯერჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა.
მას შემდეგ, რაც ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება, ერაყსა და სირიაში პროირანული დაჯგუფებები რეგულარულად ესხმიან თავს სამხედრო ბაზებს, რომლებსაც საერთაშორისო კოალიციის ჯარები იყენებენ. მთლიანობაში ასეთი თავდასხმები 100-ზე მეტი იყო. ლაპარაკია სარაკეტო იერიშებზე ან დრონებით შეტევებზე.
ასეთი თავდასხმები ბაზებს სერიოზულ ზიანს არ აყენებს. ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თავის მხრივ აშშ-ის ჯარები დარტყმებს ახორციელებენ ერაყში პროირანული ძალების წინააღმდეგ.
შაბათს იერიში მოხდა მას შემდეგ, რაც დამასკში ს ავიადარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალი რანგის ოფიცერი და კორპუსის კიდევ 4 წევრი.