„მან დაიცვა თავისი ოჯახი, ობოლი ძმისშვილი, აფექტის მდგომარეობაში მოხდა ეს ყველაფერი“ – მოძალადის დაჭრისთვის დაკავებული ბრალდებას აღიარებს

14 წლის გოგოს ბიძა, რომელმაც მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა, ბრალდებას აღიარებს.

ადვოკატის თქმით, დაჭრის ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც კაცმა გაიგო, რომ 14 წლის მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა.

ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი ამორალურ ქმედებაში შემჩნეული იყო.

„ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა კაცს უთხრეს, რომ ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა მის 14 წლის ძმისშვილზე. ბავშვები ობლები არიან. აღელვებული წავიდა აფექტის მდგომარეობაში ამ ადამიანის სანახავად. ნახა და ამ დროს მოხდა ეს დანაშაული.

ვფიქრობთ, ეს არ იყო პირველი ფაქტი, ეს ადამიანი ამორალურ ქმედებაში არის შემჩნეული. სავარაუდოდ კიდევ არის ფაქტები, ვიღაცებმა ისაუბრეს და აქამდე მალავდნენ. მან დაიცვა თავისი ოჯახი, ობოლი ძმისშვილი და აფექტის მდგომარეობაში მოხდა ეს ყველაფერი“, – აცხადებს დაკავებული გოგონას ბიძის ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი.

შეგახსენებთ, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა.