ემიგრირებული აზერბაიჯანელი აქტივისტები ევროპარლამენტს მიმართვენ

Meydan.tv-ს ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მიმართვა გაუგზავნეს და ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთება გამოხატეს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვას. უფლებადამცველთა ინფორმაციით, ქვეყანაში 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, რაც რეკორდული მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს შეუერთდა. ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეგულარულად ხდება საქმეების აღძვრა საგადასახადო და სხვა ბრალდებებით, 30-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი ამჟამად დაპატიმრებულია.
აქვე ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, 2025 წლის აპრილში განხორციელებულ ვიზიტზე, როდესაც ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული პოზიტიური განცხადებები და ადამიანის უფლებებზე საჯარო კომენტარების არარსებობა ქვეყანაში ისე აღიქვეს, როგორც სიგნალი, რომ რეპრესიების გაძლიერება ევროკავშირის რეაქციას არ გამოიწვევდა.
„ეს ეწინააღმდეგება მკაცრ პოზიციას, რომელსაც ევროკავშირი იკავებს ბელარუსისა და საქართველოს მიმართ“, – აღნიშნულია წერილში.
ამასთან, ავტორები მიესალმებიან ევროპარლამენტის 2024 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მიღებულ რეზოლუციებს, რომლებშიც პარლამენტარები მაღალი რანგის აზერბაიჯანელი ჩინოვნიკების მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, რადგან ისინი, მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელნი.
თუმცა მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ეს რეკომენდაციები არც ევროკომისიამ და არც ევროკავშირის საგარეო ქმედების სამსახურმა არ აღასარულა, რამაც აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოება „იზოლირებულ და დაუცველ მდგომარეობაში დატოვა“.
ხელმომწერები ევროპარლამენტს მოუწოდებენ, შეიმუშაოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული „სამოქმედო გეგმა“ და ევროკავშირ-აზერბაიჯანის ახალი პარტნიორობის შეთანხმების პროგრესი დაუკავშიროს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მედიისა და არასამთავრობო სექტორის შესახებ კანონმდებლობის რეფორმას და საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობას.
ავტორები ყურადღებას ამახვილებენ დაუყოვნებლივ მოქმედებაზე – აზერბაიჯანში დამოუკიდებელმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრაქტიკულად შეწყვიტეს მუშაობა, ემიგრაციაში მყოფ აქტივისტებზე ზეწოლა იზრდება, ხოლო -ის მხარდაჭერა შესუსტებულია. ასეთ პირობებში, ევროკავშირი რჩება ერთადერთ საერთაშორისო ძალად, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე.
„ევროპარლამენტის პრინციპული პოზიცია რეგიონისთვის და აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება: ადამიანის უფლებები და სამართლის უზენაესობა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებებია“.
განახლებული მონაცემებით, აზერბაიჯანში 392 პოლიტიკური პატიმარია. ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ არავინ იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო, ხოლო დაკავებები მხოლოდ სისხლის სამართლის დარღვევების საფუძველზე ხდება.