რა თქვეს სასამართლოში მათ, ვისაც პროკურატურა 4 ოქტომბრის ორგანიზებას ედავება

დღეს, 10 დეკემბერს გაიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი. ჩატარდა მათი სასამართლოც, ვისაც პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.
მურთაზ ზოდელავამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, დაეთანხმოს 4 ოქტომბრის საქმეზე წარდგენილ ბრალდებებს, თუ ამით დანარჩენ 60-ზე მეტ დაპატიმრებულს გათავისუფლებაში დაეხმარება.
“ჩვენი წარმოჩენა ხდება როგორც ბანდიტური, ძალადობრივი ჯგუფის. მხედრიონის გასამართლება მახსოვს, ასე დაგვყვეს. ჩემზე გავიგე, პოლიტიკური ბექგრაუნდი მაქვს, მაგრამ აქვეა ქალბატონი, ვისაც შშმ შვილი ჰყავს. ამ ხალხიდან ყოველი მეოთხე დაავადებულები არიან. პროპაგანდა ასე გვფუთავს ჩვენ და წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. სასამართლოა ერთადერთი ჩვენი საშუალება შეპასუხების. ჩვენგან ძალადობრივი დაჯგუფება ვერ გამოცხვება. მე მჯერა რომ ყველამ ყველაფერი იცის. ეს ელფერი დასდევს ამ საქმეს.
4 ოქტომბერი ეს იყო 2-წლიანი ბრძოლის ბოლო ეპიზოდი. აბსოლუტურად სახალხო. ჩემი მოტივატორი არ იყო ანგარება. ჩვენ არ ვართ კრიმინალები. როგორ შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან ძალადობრივი ჯგუფის გამოძერწვა. მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვიყენებთ, ვიდრე ოცნების ხალხი.
მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე. ჩემი პასუხისმგებლობა რაც მაქვს, ჩემი ტვირთის სხვაზე გადატანა არ შემიძლია.
ქალი მსხვერპლის სიმბოლოდ გადაიქცა და ამიტომ ვთქვი მე კაცები წავედი-მეთქი ათონელზე. მე ვერ გამოვიძიებ იქ რა პროვოკაცია იყო, ამიტომ კიდევ ვიმეორებ – მზად ვარ ყველა მუხლით ავიღო პასუხისმგებლობა. ამ პატიოსან ხალხს თუ შეძლებთ გაუშვით. ყველაზე მძიმე რაც არის, იქ მე ვიქნები და [გაათავისუფლეთ] ეს ხალხი, დანარჩენი 62 ადამიანი, პაატას ჩათვლით. ეს ყველაზე ვრცელდება.
სამყარო ისეა მოწყობილი, რომ დამარცხებულისგან მოთხოვნა უცნაურია და ამიტომ ეს არის ჩემი თხოვნა. იქნებ ეს განიხილოს პროკურატურამ. გთხოვთ, დროც გავიდა. ან საპროცესო გაუკეთეთ ამ ხალს და ან ისეთი მუხლით შეღავათი გაუკეთეთ. მე ვიქნები [აქ] განაჩენის დღემდე მოვიხდი ამ სასჯელს”, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავამ პატიმარ ჭავჭანიძეს, რომელიც მეთორმეტე დღეა შიმშილობს, სთხოვა შეწყვიტოს შიმშილობა.
სასამართლოზე სიტყვა თქვა ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემაც.
„მე ვარ ადამიანი, რომელსაც საბრძოლო მოქმედებებში მიუღია მონაწილეობა. მისვრია, დამიბომბია, მაგრამ იმაზე მშვიდობიან ღონისძიებაში, რომელშიც 4 ოქტომბერი იყო, არასდროს ვმონაწილეობდი… სამი კაცი საერთოდ პირველად ვნახე ამ სასამართლოზე. როდესაც ორგანიზებულ დანაშაულზე ვლაპარაკობთ, ეს ხალხი ჩემთან რა შუაშია? 2004 წელს პირველი ჯარისკაცი რომ დამეღუპა, ბატალიონის მეთაური ვიყავი და ძალიან გამიჭირდა მის ოჯახში მისვლა, რადგან ის დაიღუპა და მე გადავრჩი. ახლაც ამდაგვარი გრძნობა მაქვს. ეს ხალხი ჩვენთან რა შუაშია?“- განაცხადა ბერიძემ.
ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ ის ბრალს არ აღიარებს.
“ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო იმაში, რომ ხალხი შეკრებილიყო. არცერთი აქცია არ ყოფილა,, რომელშიც მონაწილეობა მე არ მიმიღია. დიახ, ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზარებ.
არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, მედავებიან სტრატეგიული ობიექტების მიტაცებას, თუ ვინმეა გასული კონსტიტუციიდან ეს არის ოცნება, თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა ოცნება. ოცნებაა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმოდნენ ყველას.
აქციებზე ქიმიური იარაღიც კი გამოუყენებიათ. ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის წარმომადგენლებს წარედგინებათ ეს ბრალდებები.
ოცნებას და ივანიშვილს სურს ქვეყნის გარუსება. როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძე.
პაატა მანჯგალაძემაც განაცხადა, რომ ის აღნიშნულ საქმეში უდანაშაულოა.
“მართლა არაფერი ვიცოდი და მიხაროდა. რამე რომ გაეთქვა ვინმეს, ყველას ეცოდინებოდა, რომ მე არ ვიყავი. ახლაც საკანშიც მშვიდად მძინავს, რადგანაც თუ ვინმემ ვინმეს უღალატა, მე არ ვყოფილვარ. არაფერი ვიცოდი.
ეს ბრალი, რაც წაყენებული მაქვს, გადაჭარბებულია. მგონია რომ უსამართლოა ეს ყველაფერი. იურისტი ვარ და დავასაბუთებ. ერთადერთი მტკიცებულება არის ვიდეო პერფორმანსი და შეიძლება იქ არც ვყოფილიყავი. მითხრეს, შეგიძლია მოხვიდეო და მივედი. კი არ ვემიჯნები არავის, მინდა სწორად გაიგოთ, უბრალოდ არ ვიყავი ამ ჯგუფის წევრი.
მართლა ვიოცნებებდი, მე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, 100 ათასი კაცი შევკრიბო. ზვიად გამსახურდიასავით, მერაბ კოსტავასავით დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. არც კი შევკრებივართ, კაცო. ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად“, – განაცხადა .
კიდევ ერთი ბრალდებული, რომელსაც პროკურატურა 4 ოქტომბრის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრებს პაატა ბურჭულაძეა. ის დღევანდელ სასამართლოს არ დასწრებია.
4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 პირია პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა ბრალით. რამდენიმე მათგანი ქვეყანაში არ იმყოფება. ბრალდებები, რომელიც პროკურატურამ სხვადასხვა პირს წაუყენა, არის შემდეგ:
· სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა,
· ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, მასში მონაწილეობა,
· ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება
მომზადებული ტვ პირველის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით