პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მირჩევნია აქ ვიჯდე ცხრა თვე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე სასამართლო პროცესი იქნება სერიალი. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩაუჯექით, არ გამოტოვოთ „ცისფერი მთების“ რამდენიმე სერია”,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდებულის თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს დაამტკიცებს.
„წინა სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ იგივე ცინიკურობით, მშრალად გადაირბინა და გადაიკითხა და გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ასე კონვეიერულად, სასამართლოს და ბრალდებულთა მიმართ ასე უპატივცემულოდ აბრახუნოს სიტყვები და ფაბულები. 38 წლის ვარ, დევნილი ვარ და ბევრი პრობლემა მინახავს ცხოვრებაში, ციხე არ მაშინებს.
ბატონმა პროკურორმა თქვა, ჩხვირკვია ჩადიოდა ძალადობრივ ქმედებასო, ასე არ არის. ბატონო მოსამართლევ, მე და თქვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ ახლა თქვენ გამიცნობთ, როგორც ბრალდებულს და მე თქვენ გაგიცნობთ მოსამართლეს, ხართ თუ არა სანდო.
მთელმა ქვეყანამ იცის, რა ხდება სასამართლოში. ხალხს ნარკოტიკებისთვის გარეთ უშვებენ სამ თვეში, თუ პატრონი ჰყავს. ასეთი რამ სასამართლო სანდოობის საშუალებას არ მაძლევს.
ვითხოვ იმას, რომ თითოეული ადამიანის საქმე იყოს ინდივიდუალურად განხილული. ამ ადამიანებს ზოგს ვიცნობ, რამეს კი არ ვერიდები, მაგრამ ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. ცოცხალი მოწმე არ არსებობს, რომელიც იტყვის, ჩხვირკვია რამეს აშავებდა, პოლიციელს ქვა ესროლა ან რკინა გადაყლაპა. არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი, მაგრამ ცხოვრებაში როცა მიჩხუბია, მიზეზი იყო უსამართლობა, ამის გამო გავრეულვარ შარში. ახლაც არის უსამართლობა და პროკურატურა ამბობს, რომ ჩხვირკვია ისეთი მოძალადეა, როგორიც არის ნადირაძე ან ზოდელავა. ასე ხომ არ შეიძლება? პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მირჩევნია აქ ვიჯდე ცხრა თვე და დავამტკიცო ჩემი სიმართლე. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც იტყვის, რომ ჩხვირკვია არის დამნაშავე. პაატა მანჯგალაძემ თქვა და მეც ვიტყვი, რომ კარგი იქნებოდა ჩემს დაძახებულზეც, ასი ათასი კაცი გამოვიდეს.
ეს საქმე არის პოლიტმოტივირებული. იმ დღეს, რადგანაც გაზის დიდი რაოდენობა დაგროვდა, ცუდად გავხდი. ცალი ხელი სახეზე მქონდა აფარებული და ხელს ვიქნევდი, რომ ვინმე მოსულიყო და გავეყვანე. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, დავინახე სასწრაფოს ციმციმა და მას გავყევი, სულ ეს იყო.
მზად ვარ! ნებისმიერ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე ვარ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეს თავი არ ავარიდო. რა შედეგიც არ უნდა დადგეს, დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. ზუსტად ვიცი ჩემ საქციელსა და იმ ბრალდებას შორის რაც მედება, დიდი სხვაობაა. სასამართლო პროცესი იქნება სერიალი. მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, ჩაუჯდეთ, არ გამოტოვოთ “ცისფერი მთების” რამდენიმე სერია”, – განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




