განათლების დაანონსებული რეფორმის 3 პრობლემა – პროფესორი ქეთევან გურჩიანი

“მთელი ეს ჩხირკედელაობა, როგორც მზექალა შანიძემ თქვა, მე უდიდეს პრობლემად მიმაჩნია და მგონია, რომ ამაზე მთელმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს”, – ასე აფასებს პროფესორი ქეთევან გურჩიანი “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომლის შემადგენელ კომპონენტებსაც პარლამენტში უკვე იღებენ.
როგორც ქეთევან გურჩიანმა ნეტგაზეთს განუცხადა, დაანონსებული რეფორმა ძალიან ბევრი კუთხით არის პრობლემური.
“პირველი ძალიან დიდი პრობლემა არის გაურკვევლობა. თავს უფლებას აძლევენ, რომ გარკვეულ დღეებში რაღაც ცალკეული ფრაზები გადმოგვიგდონ ხოლმე და მერე შაირობა გამართონ – ისინი რაღაცას იტყვიან, აქედან ვუპასუხებთ, მერე კიდევ რაღაცას იტყვიან და ბოლოს თავს უფლებას აძლევენ, ისიც კი თქვან, რომ აი, ვერ გაიგესო.
ამ დროს მე, მაგალითად ევრიპიდე მესმის და [ზვიად] გაბისონია რატომ ვერ უნდა გავიგო? უბრალოდ თავს უფლებას აძლევენ, რომ ძალაუფლების პოზიციიდან გველაპარაკონ”, – ამბობს პროფესორი, რომელიც ანთროპოლოგიის მიმართულებით მუშაობს და დასძენს, რომ რისი გაგებაც ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მოწოდებული ცნობებიდან მოხერხდა, არის ის, რომ უნივერსიტეტებში შეიზღუდება სტუდენტების ადგილები და შესაძლებლობები. ეს კი ძალიან დიდი პრობლემაა.
“პირველი. ყველასთვის ხელმისაწვდომი და დაფინანსებული აღარ იქნება მე-12 კლასი. ამ დროს შარშან, ზუსტად ერთი წლის წინ, კანონმდებლობაში შეიტანეს საპირისპირო ცვლილება და გაზარდეს სავალდებულო სწავლის პერიოდი. ამ ცვლილებას მაშინ თან დაურთეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც მთავრობა, ზუსტად ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ამბობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ სკოლაშიო და ამიტომ ემატება დამატებით ერთი წელი სავალდებულო სწავლებას და ცხრა წლიდან ხდება ათწლიანიო. თუ მანამდე გადიან ბავშვები სამუშაო ბაზარზე, ჯერ ერთი ვერ საქმდებიან, უმეტესობა უმუშევარია, თუ საქმდებიან — საქმდებიან შეუსაბამო სამსახურებში, ძალიან დაბალი კვალიფიკაციით, არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი და ასე შემდეგ.
ახლა ზუსტად იმავე ხალხმა ეს დებულებები, რაც ჰქონდათ წარდგენილი შარშან, ამოატრიალეს და პირიქით ამბობენ, რომ ძალიანაც კარგი, თუ ჩვენი ბავშვები სრულიად მოუმზადებლები გავლენ სამუშაო ბაზარზე.
მეორე, ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ ვიცით, რომ როგორც კი იზღუდება სწავლის შესაძლებლობა უნივერსიტეტებში, პირველი ვისაც ეს არტყამს, არიან სოციალურად დაუცველი ადამიანები და ისინი, რომლებსაც უკვე ისედაც ნაკლები საწყისი პირობები აქვთ სხვებთან შედარებით.
მესამე — ეს ყველაფერი ხორციელდება პოლიტიკური კონტროლის პირობებში და სრულიად გაუმჭვირვალე კონტექსტში, ხოლო ეგიდი, რომლის ქვეშაც ეს კეთდება, არის პოლიტიკური დამორჩილება. შესაბამისად, ჩვენ ამას ყველანი, აკადემიური საუნივერსიტეტო საზოგადოება, აღვიქვამთ, როგორც დისციპლინირების ერთ-ერთ გზას. და ძალიან დიდი პრობლემა იქნება ასევე იმ უნივერსიტეტების დახურვა… აი, თბილისში [ფაკულტეტებზე] ერთი მხრივ ამბობენ, რომ უნდა გადაეცეს ტრადიციულს და ქუთაისში ამბობენ, რომ უნდა გადაეცეს ახალს. ანუ თავსაც კი არ იწუხებენ, რომ ერთი კრიტერიუმი შეიმუშაონ და რასაც უნდათ, რომელ დღესაც უნდათ, ისე იტყვიან.
შესაბამისად, მთელი ეს ჩხირკედელაობა, როგორც მზექალა შანიძემ თქვა, მე უდიდეს პრობლემად მიმაჩნია და მგონია, რომ ამაზე მთელმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს”, – ამბობს გურჩიანი.
“ქართული ოცნების” გეგმით, უმაღლესი განათლების სისტემაში დაფინანსების ახალი მოდელი დაინერგება. გაუქმდება საგრანტო დაფინანსება. ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. კერძო უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტზე გრანტი საერთოდ აღარ გაიცემა. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას. სკოლა 12 კლასის ნაცვლად, 11 კლასის შემდეგ დასრულდება. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად თვითონ განსაზღვრავს, სასწავლო წლის განმავლობაში რამდენ სტუდენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები. “ოცნება” აპირებს დანერგოს პრინციპი ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი. ანუ პირობითად იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაძლოა მხოლოდ თბილისში იყოს ხელმისაწვდომი, ჟურნალისტიკა – მხოლოდ ქუთაისში და ა.შ. უცნობია, ჯამურად რამდენი სტუდენტი შეძლებს ბიუჯეტის დაფინანსებით სწავლას. ანალიტიკოსები და ექსპერტები ელიან, რომ სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება. საქართველოს მთავრობა განათლების სამინისტროს ხელით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ