პარლამენტის განათლების კომიტეტში განათლების მინისტრის მოადგილის განმარტებების თანახმად, „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებით, მთავრობას შეეძლება განსაზღვროს ამა თუ იმ ფაკულტეტზე სტუდენტების კვოტები – „შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე“.
განათლების მინისტრის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ზვიად გაბისონიამ დღეს, 9 დეკემბერს სადავო პარლამენტის განათლების კომიტეტს წარუდგინა დაგეგმილი ცვლილებები.
მან თქვა, რომ ახალი მოდელი მომავალი, 2026 წლიდან წლიდან ამოქმედდება და უკვე დაანონსებულ ცვლილებებთან ერთად ახსენა „დამატებითი ცვლილება“:
„საქართველოს მთავრობას დელეგირება მიენიჭება, განსაზღვროს სპეციალიზებული მიმართულებები, სპეციალიზებული პროგრამები და ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაზღვროს სტუდენტთა კვოტირების საკითხი, ანუ სტუდენტთა რაოდენობა“, – თქვა მან.
განმარტა, რომ არსებული მოდელის პირობებში სტუდენტები „პოპულარული პროფესიების მიხედვით“ ნაწილდებიან, რაც, მთავრობის გადმოსახედიდან „სერიოზულ პრობლემას ქმნის, შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დასაქმების ნაწილში“.



