ჯარისკაცი, რომელმაც ქვეითი ბრიგადა ოჯახის შექმნის მიზნით დატოვა, 1000 ლარით დააჯარიმეს
1000 ლარით დააჯარიმეს ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც I ქვეითი ბრიგადა დატოვა. თავდაცვის სამინისტრო მისთვის 3000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა, – ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
სასამართლოს განმარტებით, სამინისტროს მოთხოვნილი თანხა მაღალი იყო, ხოლო ყოფილი რიგითის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, 1000-ლარიანი ჯარიმა გონივრულ თანხად ჩაითვალა.
სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ჯარისკაცმა კონტრაქტი დატოვა ოჯახის შექმნისა და მეურნეობის დაწყების მოტივით. მისი თქმით, აპირებდა დაოჯახებას, ოჯახს კი სჭირდებოდა შემოსავალი, რის გამოც საოჯახო მეურნეობის გაძღოლა გადაწყვიტა.
პროცესზე დადასტურდა, რომ რიგითი მართლაც დაოჯახდა, შვილიც შეეძინა, ხოლო მეურნეობის გასაზრდელად სახლი იპოთეკით დატვირთა.
„კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად მისი შემცირება 1000 ლარამდე არის გამართლებული. სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია კონტრაქტის შეწყვეტის მოტივაცია – ოჯახის შექმნა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა,“ — აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.




