რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წელი ისე მიილია, რომ უკრაინაში მხოლოდ 2025 წლის ნოემბრის ბოლოს მოვახერხე ჩასვლა. ამაში ძალიან დამეხმარა ჩემი „ფრილანსერობა“, რაც 24-წლიანი საქმიანობის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში, „რადიო თავისუფლებიდან“ ჩემი წამოსვლის შემდეგ გრძელდება და, გულწრფელად რომ ვთქვა, არანაირ დისკომფორტს ამის გამო არ განვიცდი. თანაც, როცა უშტატო კორესპონდენტი ხარ, აღარ გჭირდება მივლინებისთვის ხვეწნა, რედაქტორის ნებართვა, ინსტრუქტაჟი, წინასწარი გეგმის დაწერა, სამივლინებო თანხის გამოყოფა და სხვა აუცილებელი წვრილმანები. ახლა კი 26 ნოემბერს, პრაღის ფლორენცის ავტოსადგურის სალაროში ვიყიდე პრაღა–კიევის ბილეთი, ავიკარი გუდა-ნაბადი და დაახლოებით 22 საათიანი მგზავრობის შემდეგ, 28 ნოემბრის დილის 10:00 საათზე, კიევის ცენტრალურ სადგურში ვიყავი, სადაც ზ.შ. მელოდა.
ჩემი უკრაინელი მეგობარი და მისი პირველი რჩევები
პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, შეგინის სასაზღვრო პუნქტზე საბუთების შემოწმება, თითების ანაბეჭდების აღება და ფოტოსურათის გადაღება დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. პოლონელ მესაზღვრეს არ უკითხავს კიევში გამგზავრების მიზეზი. საზღვრის მეორე მხარეზე მისი უკრაინელი კოლეგა დაინტერესდა, თუ ვისთან მივდიოდი და რა საქმეზე. რაკი ოფიციალური მივლინება არ მქონდა, მხოლოდ ჩემი მეგობრის სახელი ვუხსენე. ზ.შ-ი უკრაინაში ძალიან ცნობილი ადამიანია, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ წრეებში. ომამდე საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სწორედ მაშინ გავიცანი, როგორც რესპონდენტი და ძალიან მალე დავმეგობრდით კიდეც. 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი (კრემლი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს) წამოიწყო, მისი ქალიშვილი ზორეანა, სამი თვე ცხოვრობდა ჩვენთან ერთად პრაღაში და ამან ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო განამტკიცა.
ზ.შ.ი აქტიურად არის ჩართული ქვეყნის ტერიტორიულ თავდაცვაში, პირველივე დღეებიდან ებრძოდა კიევის მახლობლად, ჰოსტომელში შეჭრილ დესანტს, რუსეთში მტრების სიაშია შეყვანილი და ამიტომ არც მის ვინაობას ვამხელ და არც კიევთან მდებარე მის სახლში გადაღებული ფოტოები გამომიქვეყნებია სოციალურ ქსელში.
„წავიდეთ ჩემთან სოფელში. კიევიდან 10 კილომეტრში ვცხოვრობ. იქ დაისვენე. წყალიც მაქვს, უწყვეტი შუქი გენერატორის წყალობით და ინტერნეტიც. კიევში კი ამ მხრივ შეზღუდვაა. წელს მოსახლეობას შარშანდელზე მძიმე ზამთარი ელოდება“, – მეუბნება ზ.შ.
მისი მანქანა სამხედროების ბლოკ-საგუშაგოს უახლოვდება. ჩემი მასპინძელი სვლას ანელებს და პოსტზე მდგარ ჯარისკაცებს ესალმება. საგუშაგოზე ვხედავ გამაფრთხილებელ წარწერას; „ფოტოს გადაღება აკრძალულია“.
ინსტინქტურად ჩემს მობილურს ქურთუკის ჯიბიდან ვიღებ და ზურგჩანთის სიღრმეში ვათავსებ.
ზ.შ.იცინის.
„კობოჩკა, (ასე მომმართავს, თუმცა მასზე 5 წლით უფროსი ვარ). გპირდები, რომ ბევრ რამეს განახებ და მოგიყვები, შენც ბევრ რამეს ნახავ და გაიგონებ, მაგრამ კიევი მტრის ერთ-ერთი სამიზნეა და ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა“- მეუბნება და იქვე მოკლედ მიხსნის, თუ რა არ უნდა გადავიღო ფოტოკამერით
· საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელიც კიევის ყველა შესასვლელშია აღმართული,
· სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების სამრეწველო საწარმოები, რომლებიც მრავლად არის კიევში;
· ენერგეტიკული ობიექტები;
· უშიშროების და სამხედრო დაზვერვის შენობები.
· ხიდები და წყალსაცავი
· საწყობები
„აი, ეს დიდი შენობა საბჭოთა პერიოდში სამხედრო შეკვეთებზე მუშაობდა. ელექტროხელსაწყოებს უშვებდა რაკეტებისთვის. მას შემდეგ პროფილი შეეცვალა და სასოფლო და საყოფაცხოვრებო პროდუქციას უშვებს, მაგრამ რუსებმა მაინც სამჯერ დაბომბეს“, – მიხსნის ზ.შ. და მიჩვენებს კიევის ცენტრში მდგარ უზარმაზარ შენობას, რომელიც დრონებისა და რაკეტების იერიშის შედეგად ყველაზე ძალიან არის დაზიანებული და აღარ ფუნქციონირებს.
ცეცხლწაკიდებული ქარხნის შენობის სურათი ბევრჯერ გავრცელდა სოციალურ ქსელში და უკრაინის საერთონაციონალური ტელეარხების საშუალებითაც, შესაბამისად, მეც გადავუღე მას სურათი, მაგრამ მხოლოდ უკანა ფასადის მხრიდან. ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის 35 წლის განმავლობაში ნამყოფი ვარ და ვაშუქებდი 1992-93 წლების (აფხაზეთის) და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებს, ქართველი ჯარისკაცების საქმიანობას კოსოვოს, ერაყის და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ამდენად ახლოს ომი არსად არ მიგრძვნია.
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველების ხსოვნას“
ჩემი მეგობრის სახლი კიევ-ჟიტომირის გზაზე, სოფელ ნ.პ-ში მდებარეობს. 5 ათასკაციან სოფლის შესასვლელში აღმართულია ქრისტიანული ეკლესია, რომლის ეზოში სოფლის მუნიციპალიტეტმა ააგო რუსეთის ომში დაღუპული თანასოფლელების ხსოვნის ხეივანი. უკრაინის დროშებით მორთული ხსოვნის ხეივნები და სამხედრო სასაფლაოები მთელ უკრაინაშია მოფენილი.
კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე (მაიდან ნეზალეჟნოსტი) რუსეთთან ომში 2022 წლის თებერვლიდან დღემდე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალი მდებარეობს. შორიდანვე ვხედავ ომში დაღუპული ქართველი მოხალისეების სურათებს და ხუთჯვრიან ქართულ დროშებს. „ჩვენ დიდ პატივს მივაგებთ ჩვენს მიწაზე დაცემულ ქართველთა ხსოვნას“, – მეუბნება იქვე მყოფი სამხედროფორმიანი კაცი, რომელიც აქ „მოხალისე გიდის“ როლსაც ასრულებს და უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში შესრულებულ სამკლავურებსაც ყიდის დაჭრილი ჯარისკაცების დასახმარებლად. სუვენირის სახით ორი ასეთი სამკაული მეც შევიძინე. ხსოვნის ხეივნის მოხალისე გიდმა ჩანთიდან „ქართული ლეგიონის“ შევრონები ამოიღო და საჩუქრად გადმომცა.
„ქართული ლეგიონი“ ერთ-ერთი პირველი უცხოური ქვედანაყოფია, რომელიც უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვის. 2022 წლის თებერვლის შემდეგ ქართველები მრავლად არიან ისეთ ქვედანაყოფებში, როგორიცაა „შავი არწივი“ (მეთაური ვაკო სულაძე) და „კავკასიის ლეგიონი“ (მეთაური ლადო გამსახურდია).
ცალკე უნდა ვახსენო ლეგენდარულ უკრაინულ პოლკ „აზოვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე კოსოვოს სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) პირველ ქართულ სამშვიდობო ქვედანაყოფს მეთაურობდა და პირადად მყავს ნანახი ამ პირველ ქართულ საერთაშორისო მისიაში ის და მისი თანამებრძოლები.
არ ვინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენო ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი. მასთან დისტანციურად არაერთი ინტერვიუ მაქვს ჩაწერილი და ვიმედოვნებდი, რომ უშალოდ უკრაინაშიც შევხვდებოდი ამ ინფორმირებულ ქართველ ოფიცერს, მაგრამ ვანო 22 ივნისს გარდაიცვალა უკრაინაში და ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული.
საერთოდ, უკრაინაში უშუალოდ სამხედრო მოქმედებებში, უბედური შემთხვევებისა თუ მოულოდნელად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რუსეთის აგრესიის დროს 60-ზე მეტი ქართველი მოხალისე მებრძოლია დაღუპული, მაგრამ ჩვენ ყველას ერთი სახელით „გმირებად“ მოვიხსენიებთ, რითაც მათი ხსოვნისადმი პატივისცემას გამოვხატავთ.
როდესაც ქართველი მებრძოლი უკრაინაში იღუპება, მღვდლები მის პარაკლისს კიევში მდებარე ვოლოდიმირის ტაძარში, წმინდა გიორგის ხატის წინ ატარებენ. კიევში ყოფნის დროს მეც ვეწვიე ამ დიდებულ ტაძარს და დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად დავანთე სანთლები წმინდა გიორგის ხატის წინ.
რუსეთის მასშტაბური იერიში კიევზე
ისე მოხდა, რომ მადლიერების დღე მთლიანად გზაში, ავტობუსში გავატარე და კიევში 28 ნოემბერს ჩავედი. იმის გამო, რომ ჩემი „თვითმივლინება“ სპონტანური იყო, წინასწარ მხოლოდ უკრაინაში მყოფ რამდენიმე ნაცნობ ქართველ სამხედროს დავუკავშირდი, მათი უმრავლესობა ფრონტის ხაზზე – დონბასში, ხარკოვის ან ზაპოროჟიეს მიმართულებით აღმოჩნდა. უკრაინის ფრონტის ხაზამდე ჩასვლას კი საგანგებო ნებართვა და სპეციალური კორტეჟი სჭირდება. მახსენდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ჟურნალისტებისთვის არანაირი შეზღუდვა არ იყო დაწესებული და შეგეძლო საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცხინვალში შესულიყავი.
აქ უკრაინაში კი ფრონტიდან 700 კილომეტრის დაშორებითაც იგრძნობა სასტიკი ომის სუნთქვა. ქვეყანა ცხოვრობს საომარი მდგომარეობის პირობებში, ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, რუსეთის განუწყვეტელი იერიშების გამო თითქმის განადგურებულია ან დაზიანებულია ენერგოსისტემა, რის გამოც მოსახლეობას შუქი გრაფიკით მიეწოდება. ქალაქ კიევში ყველა მეტროს სადგურის გვირაბებში მოწყობილია თავშესაფრები, სადაც მოსახლეობას თვეში სულ მცირე სამჯერ მაინც უწევს ღამის გათენება რუსული დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მოფრენის დროს.
ჩემ მეგობარ ზ.შ.-ს ასეთი თავშესაფარი თავისი სახლის კიბის ქვეშ აქვს მოწყობილი.
„იმედია შენი აქ ყოფნის განმავლობაში არ მოგიწევს ჩემს თავშესაფარში ღამის გათენებაო“, – მითხრა ვახშმის შემდეგ, როდესაც აივანზე ჩაის დასალევად გავედით. მიუხედავად ნოემბრისა, კიევის გარეუბანში საკმაოდ თბილი საღამო იყო და კარგად ჩანდა ჩრდილოეთის ციალით გადაწითლებული ცის კიდე. ეს იყო საოცარი სანახავი, იდილია, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
ზ.შ.-მ, რომელიც როგორც ვთქვი, უკრაინის პოლიტიკურ და სამხედრო ელიტასთან დაკავშირებული პირია, ღამის დაახლოებით 12 საათზე მიიღო შეტყობინება რუსეთის (ბრიანსკი, ყირიმი) მხრიდან კიევისკენ გამოფრენილი დამრტყმელი დრონებისა და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერების” შესახებ. ჰაერში საჰაერო განგაშის მაუწყებელი სირენების ხმა გაისმა. ეს ხმები ჯერ კიდევ სოხუმის დაბომბვიდან მახსოვს, მაგრამ მას შემდეგ სირენებიც დაიხვეწა და ის რაკეტებიც, რის გამოც გამაყრუებელი განგაშის ხმა ყველაზე დაგმანულ დარაბებშიც აღწევს.
„მხიარული ღამე გველოდება. ასე რომ, მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“, – ამომძახა ქვემოდან ჩემმა მეგობარმა. „ახლავე“, – ჩავძახე მე, თბილი ქურთუკი ჩავიცვი, ოთახის კარები გავაღე და მობილურის ჩართული ვიდეოკამერით აივანზე გავედი. სირენების ხმას მოჰყვა დრონების ზუზუნი, შემდეგ სადღაც ახლოს, როგორც მე მომეჩვენა, საჰაერო თავდაცვის სისტემაც ამოქმედდა დაუპატიჟებელი სტუმრების ჩამოსაგდებად.
მთელი ეს საჰაერო ბრძოლის ხმები ვიდეოზე ჩავიწერე და დილით, როცა განგაში დასრულდა, „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ავტვირთე.
როგორც ოფიციალური წყაროებით გახდა ცნობილი, 29 ნოემბრის გამთენიას, რუსეთის ავიაიერიშების შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, მათ შორის ბავშვიც. მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერდა, რომ იერიშში მონაწილეობდა რუსული რაკეტები და დრონები, რამაც კიევის სხვადასხვა რაიონში საცხოვრებელი სახლები დააზიანა. როგორც ჩანს, დრონის, ან რაკეტის ნამსხვრევი მოხვდა ელექტროსადგურს, რის გამოც კიევის 500 000 აბონენტი თითქმის მთელი ნახევარ დღის განმავლობაში უშუქოდ იყო დარჩენილი…
მეორე დღეს კიევში ჩემ დიდი ხნის მეგობარს, საქართველოს სამხედრო ატაშეს, ლევან გამყრელიძეს საელჩოების მიერ ორგანიზებულ, უკრაინის არმიის დახმარების საქველმოქმედო საღამოზე ვყავდი დაპატიჟებული სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენის (ე.წ. ვედეენხა) ერთ-ერთ პავილიონში. ვფიქრობდი, რომ წინა ღამის დაბომბვის შემდეგ ამ ღონისძიებაზე არავინ მოვიდოდა, მაგრამ ძალიან დიდი იყო ჩემი გაოცება, როდესაც ქალაქშიც და საქველმოქმედო საღამოზე უამრავი უკრაინელი ვნახე. შეუფერხებლად წარიმართა ეროვნული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ფოლკლორული და საესტრადო კონცერტი და მასში არა მხოლოდ სამოქალაქო პირები მონაწილეობდნენ, არამედ უკრაინის არმიის ერთ-ერთი გუნდიც, რომელშიც ომის დროს დაჭრილი, პროთეზიანი ჯარისკაციც მღეროდა.
დავდიოდი ხალხში, ვესაუბრებოდი მათ, ყურადღებით ვუსმენდი მათ ლაპარაკს და ვერ ვმალავდი გაოცებას, რომ არავინ ლაპარაკობდა წინა ღამის დაბომბვაზე, თავშესაფარში გატარებულ ღამეზე და ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო გამეფებულ კორუფციაზე, რასაც ქვეყნის მეორე პირის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.
„უკრაინელი ხალხი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“
უკრაინელი ხალხის გამძლეობა და მოთმინება ცალკე აღნიშვნის ღირსია.
ეს არის ერი, რომელიც 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ ებრძვის რუსეთის უდიდეს სამხედრო მანქანას და ამ ომში მას მაშინაც კი არ დაუკარგავს გამარჯვების იმედი, როდესაც 2022 წლის 24 თებერვლისთვის თითქმის ყველა დიდი ქვეყნის დიპლომატებმა და ელჩებმა დატოვეს კიევი, რომელსაც დღე-დღეზე უწინასწარმეტყველებდნენ დაცემას.
„მტერი კიევის ოლქში, ჰოსტომელში იყო შემოსული, რომლის აღების შემდეგ, კიევის შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდებოდა“, – მეუბნება ზ.შ., რომელმაც კიევის სხვა დამცველებთან ერთად სწორედ მაშინ მოკიდა ხელი იარაღს და სრულიად გამოუცდელი ჰოსტომელთან დახვდა რუსეთის ერთ-ერთ ელიტურ სადესანტო ქვედანაყოფს.
კიევში, როგორც ამბობენ, მაშინ 500 ათასი კაცი თუ იქნებოდა დარჩენილი.
უამრავი რუსი დივერსანტი იყო შემოგზავნილი და ღამ-ღამობით პირდაპირ ნადირობდნენ ადამიანებზე. „ყველა ჩვენი მეგობარი დიპლომატი თუ ელჩი, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვლისთვის ჯერ ლვოვში გადავიდა და მერე იქიდან პოლონეთს შეაფარა თავი, იქიდან გვითვლიდნენ და გვაფრთხილებდნენ, რომ თქვენ პოლიტიკოსთა იმ სიაში ხართ, რომელთა მიმართ რუსების შემოსვლის შემდეგ, სასჯელი დადგებაო”, – მიამბო კიევში საქართველო არმიის თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა არჩილ ცინცაძემ, რომელიც უკრაინაში ცნობილი პოლიტიკოსის, ივანკა კლიმპუშ-ცინცაძის მეუღლეა.
ის, რომ უკრაინელებმა მოახერხეს მტრის ჯერ კიევის, ხოლო შემდეგ ხერსონიდან და ხარკოვის ოლქიდან განდევნა, არჩილ ცინცაძე, უწინარესად, უკრაინელთა მებრძოლი ხასიათით ხსნის.
„უკრაინელებს გენში აქვთ ბრძოლა და თავგანწირვა,” – ამბობს არჩილი.
მაგრამ ყველა ეთანხმება იმ აზრს, რომ, რომ არა კოლექტიური დასავლეთის და განსაკუთრებით ე.წ. “მსურველთა კოალიციაში” შემავალი ქვეყნების სამხედრო-ტექნიკური და ფინანსური დახმარება, უკრაინას გაუჭირდებოდა, არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა ბრძოლის ველზე, არამედ უამრავ სოციალურ პრობლემასთან გამკლავება.
“რომ არა უკრაინის ენერგეტიკის აღდგენისკენ მიმართული დასავლური დახმარება, ხალხი ამ მეოთხე ზამთარს, ალბათ, ვერ გაუძლებდა. ამიტომ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებული ის მაღალჩინოსნები, რომლებიც კორუფციულ სქემებს ქმნიდნენ ენერგეტიკაში ჩადებული თანხების მისათვისებლად, სამხედრო მდგომარეობით გათვალისწინებული სასჯელით უნდა გასამართლდნენ”, – ამბობს ზ.შ.
მას მხედველობაში აქვს “მიდასის” სახელით ცნობილი გამოძიებას, როდესაც ნაციონალური ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა ფარდა ახადეს კორუფციული სქემით დიდი თანხების დატაცებას სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“.
გამოძიების თანახმად, „ენერგოატომის“ კონტრაგენტებისთვის თავსმოხვეული პირობებით, მათ უნდა გადაეხადათ ე.წ. ოტკატი, რათა თავიდან აეცილებინათ უკვე შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების დაბლოკვა და არ დაეკარგათ მიმწოდებლის სტატუსი. ანტიკორუფციული ბიუროს (ნაბუ) ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის შიგნით ამ პრაქტიკას „შლაგბაუმი“ ეწოდა.
ამ საქმის მთავარი ფიგურანტია ქვეყნიდან წასული ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი. იგი თანამფლობელია სტუდია „კვარტალი 95“-ის, რომლის დამფუძნებლებს შორის თავის დროზე იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც.
როგორც უკრაინული მედია წერდა, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ “მიდასის” საქმის ფარგლებში დაკითხა ყოფილი თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი. “უკრაინსკა პრავდას” ცნობით, უმეროვმა გამომძიებლებს უთხრა, რომ მინდიჩი მას ჯარისათვის უვარგისი ჯავშანჟილეტების შეძენას აიძულებდა.
ამ სკანდალს ვერ გადაურჩა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქვეყანაში გავლენით მეორე პირი, ანდრეი ერმაკი. 28 ნოემბერს, როდესაც კიევში ჩემი მივლინება ახალ დაწყებული იყო, ნაბუს გამომძიებლებმა სამთავრობო კვარტალში ანდრეი ერმაკის ბინაც გაჩხრიკეს და ორი კომპიუტერი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. არავინ იცის, რა ინფორმაციას ინახავდა ეს გაჯეტი.
28 ნოემბერს დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ერმაკმა თანამდებობა დატოვა. ეს ამბავი მოსახლეობას აცნობა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია “პრეზიდენტის ოფისის გადატვირთვა” რუსეთთან ომისა და სამშვიდობო გეგმაზე მიმდინარე მუშაობის ფონზე.
თავად ერმაკის მიმართ ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ. ოდესღაც უკრაინაში გავლენით მეორე კაცმა გადადგომის და ჩხრეკის შემდეგ განაცხადა, რომ ფრონტზე მიდის. მისი ეს განზრახვა უკრაინაში ბევრმა აღიქვა მცდელობად, რომ ფრონტზე წასვლით თავიდან აირიდოს მოსალოდნელი სისხლის სამართლებრივი დევნა.
„თუ ერმაკმა, მინდიჩმა და სხვებმა პასუხი მკაცრად არ აგეს, მაშინ ქვეყანა კვლავ დარჩება კორუფციის ჭაობში. ამას ითხოვს ხალხი ზელენსკისგან და ის ვალდებულია, შეასრულოს ეს დაკვეთა. ხოლო როცა ომი დამთავრდება, უკრაინელი ხალხი ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, – ამბობს ზ.შ. -ი.
„პუტინი უბრალოდ დროს წელავს“
უკრაინელთა მეორე საფიქრალი ისაა, თუ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება უკრაინისათვის აშშ-ის მიერ ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებში შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა, რომლის მედიაში გაჟონილ თავდაპირველ ვარიანტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებში.
პროექტი დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც.
აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა.
მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ, მაგრამ უკრაინაში იშვიათად ნახავ ადამიანს, რომელიც მომქანცველი და დამანგრეველი ომის მეოთხე წლისთავზე თანახმაა მშვიდობაზე ტერიტორიების სანაცვლოდ.
„დღეს, ამ ვითარებაში მივედით იქამდე, რომ კომპრომისი გამორიცხულია. ან უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რასაც რუსეთის დაშლა მოჰყვება, ან თუ რუსეთის ფედერაცია გაიმარჯვებს, მაშინ უკრაინა უნდა გაქრეს, როგორც სახელმწიფოებრივი ერთეული, რასაც პუტინი ესწრაფვის. ამიტომ რეალურად ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკება, შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თუ 10, 20 თუ 50 პუნქტიანი დოკუმენტი, – ყველაფერი იქნება დროებითი და აუცილებლად მოჰყვება რუსეთის მხრიდან შემდგომი სამხედრო მოქმედებების დაწყება, შემდგომი უფრო მძიმე ფაზის განვითარება”, – ამბობს უკრაინაში მცხოვრები პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე.
მის მოსაზრებას ასევე იზიარებს კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი, პოლკოვნიკი კახა ბასილია, რომელი რუსეთის აგრესიის პირველი დღეებიდანვე ასრულებს სამხედრო ამოცანებს უკრაინაში.
„არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება! დიქტატორთან როგორ უნდა ივაჭრო? პუტინი არის ამბიციური და საბჭოთა კავშირის აღდგენის იდეით შეპყრობილი ადამიანი, რომელიც 28 კი არა, 58 პუნქტიან შეთანხმებასაც არ დათანხმდება. ის უბრალოდ დროს წელავს, დათანხმდები დონბასის დათმობას, მერე ოდესის გადაცემას მოგთხოვს და ასე ივაჭრებს“.
ამ ვითარებაში უკრაინის პრეზიდენტმა გააფრთხილა მოსახლეობა იმ ძალიან რთული არჩევანის შესახებ, როდესაც ქვეყანა შესაძლოა ” ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს”.
ეს საფრთხე კიდევ უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია.
დოკუმენტში ნატოზე, რომელსაც უკრაინის პოლიტიკური ელიტა გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს, ნათქვამია, რომ აუცილებელია უარი ითქვას „მუდმივად გაფართოებად ალიანსად“ მის აღქმაზე.
ნატოში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყნისათვის ამ გამაოგნებელი სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ კიევიდან მომავალი გზაში, უკვე ჩეხეთში შემოსული ვიგებ.
მეორე დღეს ვურეკავ ჩემ მეგობარ ზ.შ.-ს და ვეკითხები, თუ რას ფიქრობენ ამ ორაზროვან ჩანაწერზე უკრაინაში. მაგრამ მისგან ვიგებ, რომ 6 დეკემბერს
რუსეთის კუთვნილი დრონის (სავარაუდოდ “შახედის”) ნამსხვრევები მის სოფელში მდებარე საწყობს დაეცა და დიდი ხანძარი გააჩინა. დაიწვა სამი სატვირთო მანქანა და დაინგრა ერთი საცხოვრებელი სახლი.
“რას იზამ ძმაო, ომი-ომია. უკვე შეგუებული ვართ ასეთ ამბებს”, – მპასუხობს დაღლილი ხმით ჩემი მეგობარი, რომელმაც კიდევ ერთი თეთრი ღამე გაათია კიბის ქვეშ მოწყობილ საკუთარ თავშესაფარში…
კობა ლიკლიკაძე
პრაღა-კიევი-პრაღა




