GCCA-ი, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 11 თვის სტატისტიკას აქვეყნებს – განცხადებების რაოდენობა 62%-ით არის გაზრდილი

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 11 თვეში, GCCA-ში – 1285 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შემოსული ზარების რაოდენობამ 4610 შეადგინა. შემოსული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 62 %-ით არის გაზრდილი,- ამის შესახებ GCCA-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ნათქვამი.
„საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 160 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 260 საქმეზე. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 75 მოვაჭრეს – 120 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში – 122083 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 163 საქმეზე – 147 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 65 % ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 35 % ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი – 80 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები – აჭარა – 5 %, იმერეთი – 5 %, კახეთი -2 %, ქვემო ქართლი- 2 % და სხვ.
მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 409 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე – 428, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე – 227, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 98, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 37, ხოლო სხვა დანარჩენზე – 86. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73 %-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება – 10 %, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 5 %, ხოლო სხვა სახის საქმიანობები – 12 %.“- ნათქვამია ინფორმაციაში.