აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კვლავ მოითხოვა სომხეთისგან ქვეყანაში იმ აზერბაიჯანელების დაბრუნების უზრუნველყოფა, რომლებიც სომხეთში 1980-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდნენ და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელია ორ ერს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის დასასრულებლად.
„აუცილებელია სომხეთიდან იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების დაბრუნების უზრუნველყოფა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესაფასებლად ნაბიჯების გადადგმა“, – ამბობს ალიევი ბაქოში გამართული საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ მიმართვაში.
„გვჯერა, რომ დასავლეთ აზერბაიჯანის საზოგადოების მშვიდობისმოყვარე წევრები დაბრუნდებიან თავიანთი წინაპრების მიწებზე და ჩვენს ხალხებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები დამყარდება“, – ამბობს იგი.
ალიევმა ასევე მოითხოვა „სომხეთიდან გაძევებული აზერბაიჯანელების კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა“, რაშიც, მისი თქმით, უნდა ჩაერთონ გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. მისი განცხადებითვე, ეს აუცილებელია „მტრობის აღმოსაფხვრელად და ორ ხალხს შორის ურთიერთგაგების მისაღწევად“.
ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მორიგ ჯერზე გაიმეორა, რომ აგვისტოში ვაშინგტონში აშშ-ს შუამავლობით მიღწეული შეთანხმებების შედეგად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა უკვე დამყარდა.
სომხეთის ოპოზიციურ წრრეებში აცხადებენ, რომ ბაქო გააგრძელებს ერევნისთვის მეტი მოთხოვნის წაყენებას, – მიუხედავად ფაშინიანის მიერ უკვე გაკეთებული „ცალმხრივი დათმობებისა“.
ისინი მიიჩნევენ, რომ ალიევის მიერ სომხეთის ტერიტორიის ნაწილის „დასავლეთ აზერბაიჯანად“ მოხსენიება და ასევე ნახიჩევანამდე „ექსტრატერიტორიული დერეფნის“ მოთხოვნა აჩვენებს, რომ მისი საბოლოო მიზანია „სომხეთის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს არსებობის დასრულება“.
ალიევის მოთხოვნები ასევე მკვეთრად განსხვავდება ფაშინიანის პოზიციისგან, რომ მოითხოვოს მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული ეთნიკური სომეხი მოსახლეობის უფლება, დაბრუნდნენ სახლში, – მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ტერიტორიაზე 2023 წელს კონტროლი აღადგინა.
ფაშინიანმა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ ყარაბაღელი სომხებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის შედეგად სხვა იძულებით გადაადგილებული პირების რეპატრიაციის საკითხის შემოტანა „საშიში იქნებოდა სამშვიდობო პროცესისთვის“.




