ანტონ ჩეჩინი, წარმოშობით რუსი სინდისის პატიმარი, რომელსაც 8-წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა სასამართლომ, წერილს ავრცელებს, სადაც დაწვრილებით აღწერს ციხის პირობებს.
ციხის ადმინისტრაცია მიკრძალავს კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევაზე გადაყვანას, რაც აუცილებელია, რადგან დაწესებულებაში არ არის შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები; ისინი მოდიან მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში, ხოლო დიდი რაოდენობით განცხადებების გამო, ერთ სამუშაო დღეში ვერ ასწრებენ სამუშაოს შესრულებას. პირველი ინსტანციის განაჩენშიც მითითებულია ჩემი სამედიცინო დახმარების, მათ შორის კლინიკაში გადაყვანის უფლება.
ამის საფუძველზე განვაცხადებ შემდეგს:
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა: მუხლი N3 „წამების აკრძალვა“. პენიტენციურ დაწესებულება N8-ში ჩემი ყოფნის პირობები არ შეესაბამება ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს.
· საკანში ერთ ადამიანზე არ არის საკმარისი ფართობი – დაახლოებით 4 მ².
· არ არის სათანადო ვენტილაცია არც მწეველთა საკანში.
· ერთ-ერთ საკანში ვენტილაცია არ მუშაობდა, რაც მიუარესებს მხედველობას.
· საკვების ძალიან დაბალი ხარისხი, სუპებში ყველაზე ხშირად არის ქონის ნაჭრები, შემწვარი თევზი არაერთხელ იყო ჭიებით.
· საკნებში ტარაკნებისა და მწერების გავრცელება. დეზინფექცია მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს, რაზეც თავად ციხის ადმინისტრაციამ გაგვაფრთხილა.
· არ გასცემენ ჰიგიენის საშუალებებს. თეთრეულის შემოგზავნაც ნათესავებს უწევთ.
· ავადობის შემთხვევაში არ აცალკევებენ თანამესაკნეებს, რის გამოც ავადდება მთელი საკანი (მაგალითად, გაციების შემთხვევაშიც).
· ზაფხულში ძლიერად დახუთულია და არ არის საკმარისი ჰაერი.
· საშხაპეში ფანჯრები მუდმივად ღიაა. ექიმმა საკანში ფანჯრის დახურვის რეკომენდაცია გასცა ჩემი დაავადების, ჰაიმორიტის გამო. თუმცა საშხაპეში ამის შესაძლებლობა არ არის.
· სასმელი წყალი უვარგისია, რის გამოც პატიმრები იძულებულნი არიან თავად იყიდონ წყალი, თუმცა ყველას არ აქვს საშუალება.
· ადმინისტრაცია არ გვაწვდის შინაგანაწესის დებულებებს არცერთ ენაზე, მათ შორის, არც ქართულად.
· ხშირია ელექტროენერგიისა და წყლის გათიშვები.
· მუდმივი დახშული გარემოს გამო მაქვს საერთო სისუსტე, სწრაფად ვიღლები, მიჭირს სუნთქვა, ვქოშინებ სიარულისას.
· ვინაიდან, ციხის ადმინისტრაცია ცუდ პირობებში გვამყოფებს, საშხაპეში ფეხზე სოკო გადამედო. დაკავების პირობები მიუარესებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც ძირფესვიანად აზიანებს ადამიანის ღირსებას და იწვევს დამამცირებელ განცდას.
· ყველა პატიმრის საჭიროებები აღემატება არსებული პერსონალისა და აღჭურვილობის შესაძლებლობებს, რაც იწვევს სამედიცინო სამსახურის გადატვირთვას, დაწესებულებაში საერთო დაძაბულობის ზრდას და, შედეგად, ძალადობის მაღალი დონის გამოვლენას როგორც პატიმრებს შორის, ასევე პატიმრებსა და თანამშრომლებს შორის.
· ჩემი საწოლი დაახლოებით 180 სმ სიგრძისაა, ჩემი სიმაღლე კი 190 სმ; საწოლი სიგრძეში კედლებით არის შეზღუდული, რის გამოც ძილი მიწევს არასათანადო და მოუხერხებელ მდგომარეობაში, რის შედეგადაც მაქვს ზურგის ტკივილები.
· საკნის მდგომარეობა ყველაზე მძიმე არ არის, თუმცა იატაკსა და ჭერს აქვს ობი და საღებავი გადადის.
· მოწევა საკანში ახდენს მომწამვლელ და მავნე გავლენას ჩემზე, როგორც არამწეველზე.
პატიმარი იხსენებს თავისი საქმის დეტალებს, გამოძიებისა და სასამართლოს მიკერძოებულობას. სისტემის მხრიდან მისი და მისი ადვოკატების საჩივრების იგნორირებას. გამოთქვამს შიშს, რომ დევნის ქვეშ აღმოჩნდება მისი მეუღლე, მანანა სამხარაძეც, რომელსაც ადმინისტრაციული წესით უკვე ედავებიან აქციაზე გზის გადაკეტვის საბაბით.
ანტონ ჩეჩინის საქმე ერთ-ერთია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული საქმეებიდან, რომელიც „ოცნების“ რეჟიმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ შეკერა. ანტონის გარდა, ანალოგიური საქმეები შეკერეს ასევე წარმოშობით რუსი აქტივისტების, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულის წინააღმდეგ, გიორგი ახობაძის, ნიკუშა კაციას, თედო აბრამოვის წინააღმდეგ. გიორგი ახობაძე მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გაათავისუფლა დარბაზიდან, ნიკუშა კაცია და თედო აბრამოვი — მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა. ანტონ ჩეჩინს, ანასტასია ზინოვკინასა და არტიომ გრიბულს „არ გაუმართლათ“. მოსამართლეებმა, ჯვებე ნაჭყებიამ და ნინო გალუსტაშვილმა ისინი 8 წლითა და 6 თვით გაუშვეს ციხეში.
არცერთ ამ საქმეში არ იყო ობიექტურად ნეიტრალური მტკიცებულება, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა გამოძიებას/პროკურატურას. განსხვავება ეროვნებით ქართველი და რუსი აქტივისტების საქმეებს შორის ის იყო, რომ ნეიტრალურ მტკიცებულებად, ნეიტრალურ მოწმედ გაასაღა პროკურატურამ შსს-სთან დაახლოებული თარჯიმანი, რომელიც რუსი აქტივისტების დაკავება-ჩხრეკის ეპიზოდში ფიგურირებდა. თარჯიმნის ხელახლა დაკითხვას ჩეჩინის ადვოკატები ახლა უკვე სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.
ანტონ ჩეჩინის საქმეზე გაეცანით ნეტგაზეთის მასალებს:
ციმბირიდან „ოცნების” ციხეში — ანტონ ჩეჩინის საქმე
ანტონ ჩეჩინის საქმის მთავარი დეტალები, პერსონაჟები და ამბავი პირველი პირიდან




