ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის იდეა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ჟურნალისტებს მაშინ განუცხადა, როცა მათ ისრაელის პრემიერ-მინისტრს გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის თანახმადაც მან ამერიკელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას.
„ნებისმიერი სამომავლო შეთანხმების შემთხვევაში… ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს ეწინააღმდეგება [პალესტინის] სუვერენიტეტის იდეას… ეს კონფლიქტი არ ეხება [პალესტინის] სახელმწიფოს არარსებობას, არამედ ის ეხება ებრაული სახელმწიფოს არსებობას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელელი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ, არსებითად პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ითხოვენ. მისი განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა შეეძლოს „მეგობრებისთვის არას თქმა“.
ამ თემაზე გირჩევთ
ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს.
ისრაელმა ოპერაცია 7 ოქტომბერს, ტერორისტული ორგანიზაციის, „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი.
ჰამასის კონტროლის ქვეშ მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზაში 23 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 5 ათასზე მეტი ბავშვია.
ისრაელის ოფიციალური პირები ცალსახად ამბობენ, რომ ომი იქამდე არ დასრულდება, სანამ ჰამასს სრულად არ გაანადგურებენ.