შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველი სადენების ქურდობისთვის ორი პირი დააკავეს. შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
უწყების ცნობით, დაკავებულები – 40 და 45 წლის კაცები – წარსულშიც ნასამართლევები არიან.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს. სამართალდამცველების მიერ, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს. პოლიციამ უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14.000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე, ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ”, – ვკითხულობთ შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.




