“ქართული ოცნების” განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ადასტურებს, რომ სასკოლო ფორმები, რომლებიც მომდევნო წლიდან სავალდებულოდ შემოდის 1-6 კლასებში, მშობლებმა უნდა იყიდონ.
ამის შესახებ მან რ2-ის ეთერში განაცხადა,
“კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და, დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე ფორმის კომპონენტში დასჭირდება,” – განაცხადა მან რ2-ის თანახმად.
მისივე განცხადებით, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების ნაწილი ფორმას უფასოდ მიიღებს, თუმცა საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა ოჯახები შეფასებულები არიან 60 000 ქულით ან ნაკლებით.
ამავე გეგმით ყველა საჯარო სკოლაში ფორმა სავალდებულო იქნება შემდეგი წლიდან. ფორმის დიზაინის შესარჩევად კი საჯარო კონკურსი გამოცხადდება. ინიციატივა არ შეეხება კერძო სკოლებს.




