2026 წლიდან „გრანტს“ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ

„ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ამბობს, რომ მომავალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტების საგრანტო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. მისი თქმით, ახალი წესი არ შეეხებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე სწავლობენ უნივერსიტეტებში.
მიქანაძის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა „ფაქტობრივად უფასო ხდება“, კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში სტუდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს დაფინანსებას, თუკი მთავრობა ჩათვლის, რომ „დამატებითი საჭიროება“ არსებობს.
„[მომავალი წლიდან ვინც ჩააბარებს, მათთვის] რაიმე ვაუჩერული და საგრანტო დაფინანსება აღარ იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძოებისთვისაც, სადაც გრანტს რომ მოიპოვებოდნენ, მოხდებოდა ჩარიცხვა…
მოცემულობა არის ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარადგენენ თავის საჭიროებებს და ჩვენ ამ საჭიროებების მიხედვით გამოვყოფთ ფინანსურ ასიგნებებს, რაც დაკავშირებული იქნება როგორც სახელფასო საკითხებთან, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფასთან და ა.შ.“ – თქვა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2“-ში საუბრის დროს.
გივი მიქანაძეს არ უსაბრია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე:
· შემცირდება თუ არა სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტები;
· დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ხომ არ გაიზრდება კერძო უნივერსიტეტებში სწავლების საფასური.