განათლების მინისტრი – იქნება 11 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატიც და 12 კლასის დამთავრების ატესტატიც, თუმცა მას ექნება სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე ძალა, უბრალოდ 12-წლიანი სწავლების ატესტატი მოსწავლეს აძლევს საფუძველს, წავიდეს უცხოეთში

იქნება 11 კლასის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატიც და 12 კლასის დამთავრების ატესტატიც, თუმცა მას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა – 12-წლიანი ატესტატი მოსწავლეს აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ ატესტატით წავიდეს უცხოეთში, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სწავლება კერძო სკოლებშიც 11-წლიანი იქნება, თუმცა საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, 12-წლიანი სწავლების შესაძლებლობა ყველა კერძო სკოლაში შენარჩუნდება.
„11-წლიანი სწავლება მისცემს თითოეულ ჩვენს მოზარდს, მოსწავლეს სრულფასოვან ზოგად განათლებას, ამიტომ არ გვინდა, რომ ზედმეტი პერიოდი დავაყოვნოთ ისინი სკოლაში. შესაბამისად, იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ მეთორმეტე წელიც ისწავლონ, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ სისტემას: ყოველი წლის მარტში გამოვაცხადებთ ღია სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული მოსწავლე დარეგისტრირდება. მე-11 კლასელი დარეგისტრირდება მე-12 კლასისთვის, ის დააფიქსირებს თავის საცხოვრებელ მისამართს, რომელ სკოლაში სწავლობს, რომელს ამთავრებს, ის აიღებს მე-11 კლასის ატესტატს, თუმცა იმ რეგისტრაციის გავლის საფუძველზე ჩაირიცხება მე-12 კლასში და კიდევ ერთ ატესტატს აიღებს. იქნება 11-კლას დამთავრებული ატესტატი და 12 – კლას დამთავრებული ატესტატი, თუმცა იმას ექნება საქართველოს რეალობაში სამართლებრივი კუთხით ერთი და იგივე იურიდიული ძალა. ის ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ 12 -წლიან სწავლებაზე გადავიდნენ და ძირითადად, ამის არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ უცხოეთში გააგრძელონ საბაკალავრო დონეზე სწავლა, სავარაუდოდ, მათთვის იქნება ეს კომპონენტი საინტერესო. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საჯარო სკოლებზე და საჯარო სკოლების რეგისტრაციაზე. კერძო სკოლებსაც იგივე სისტემა შეეხება, უბრალოდ ჩვენ საჯარო სკოლების შემთხვევაში ვამბობთ, რომ რეგისტრაციას ვაცხადებთ. სად, ვინ დარეგისტრირდება შემდგომში გეოგრაფიული და რაოდენობრივი კომპონენტიდან გამომდინარე, სადაც საჭირო იქნება ნებისმიერ ქალაქში, მუნიციპალიტეტში აუცილებლად გავხსნით რომელიმე კონკრეტულ სკოლაში მე-12 კლასს.
ეს იქნება დამოკიდებული, რამდენი ადამიანი დარეგისტრირდება და სად იქნება მათი საცხოვრებელი ადგილი. ხოლო კერძოს შემთხვევაში მათაც 11-წლიანი ექნებათ, მაგრამ ყველა კერძო სკოლას შეუნარჩუნდება მე-12 კლასი. თუ, მაგალითად, ყველა მოსწავლე დარეგისტრირდა და ყველამ გამოთქვა სურვილი, ყველა იმ სკოლაში, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს 12 – წლიან სწავლებაზე, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი, ყველგან გავაგრძელებთ მე-12 კლასს, ეს იქნება ცოცხალი პროცესი.
11 წლის შემდეგ ადამიანი იღებს სრულფასოვან ატესტატს, რომლითაც მას შეუძლია, რომ ჩააბაროს ეროვნული გამოცდები და გააგრძელოს სწავლა საბაკალავრო დონეზე. თუმცა მათ ვისაც სურს, რომ მე-12 წელსაც ისწავლოს, ნებისმიერ ადამიანს ვაძლევთ ამის საშუალებას და, რა თქმა უნდა, ეს 12-წლიანი ატესტატი, თუ მას ექნება სურვილი უცხოეთში გააგრძელოს სწავლა, აძლევს იმ საფუძველს, რომ ამ 12-წლიანი ატესტატით წავიდეს უცხოეთში. 11-წლიანი იქნება სასკოლო სწავლება თუ 12-წლიანი ეს არანაირ ჭრილში არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს“, – განაცხადა მიქანაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა