ლევან მახაშვილი – სამწუხაროა, რომ ერთ დროს უმწიკვლო ორგანიზაცია BBC ერთგვარ „კანალად“ „ჩამოლაბორანტდა“

სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნამდვილად უმწიკვლო ორგანიზაცია BBC, „ჩამოლაბორანტდა“ ერთგვარ „კანალად“, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან მახაშვილის განმარტებით, გამოქვეყნებული მასალა საქართველოს რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად.
„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს რეპუტაციის შებღალვის კამპანიას. უკვე მერამდენედ ეს კინო ნანახი გვაქვს იგივე მსახიობებით, იდეის ავტორებით და რეჟისორებით. იგივე მაყურებლებით შიგნითაც და გარეთაც. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არ ვაპირებთ, „პოპკორნით“ ხელში ვუყუროთ ამ ფილმს. გამოძიება იქნება, ბრიტანულ მარეგულირებელთან მიმართვა თუ სხვა საერთაშორისო გამოძიება, თუ ამის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ რეპუტაცია. ასევე, ვნახეთ, როგორ ჩათვალა ზოგიერთმა მსახიობმა, რომ შეეძლო კამერების წინ „ემატრაკვეცა“, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა და სამართლის წინაშე მოუწიათ სიმართლის თქმა, აღიარეს, რომ ეს იყო ტყუილი. ყოველ შემთხვევაში, ან ტყუილი იყო ან საერთოდ, ასეთი რამ არ უთქვამთ და ხდებოდა მათი სხვაგვარი ინტერპრეტაცია BBC-ის მიერ. ასევე, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ერთ დროს ნამდვილად უმწიკვლო ორგანიზაცია BBC, სამწუხაროდ, „ჩამოლაბორანტდა“ ერთგვარ „კანალად“ და დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, როდესაც სანდოობა ამ ორგანიზაციის მიმართ, იმდენად ნულს ქვემოთ არის, რომ ცალკეული სკანდალების დროს BBC-ის დირექტორი, ახალი ახალი ამბების დირექტორი ყველანი გადადგნენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი განმარტებით, გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
„თუკი ვინმე წამლავს მოსახლეობას, სამწუხაროდ, არიან სწორედ ის მსახიობები და პროდიუსერები, რომლებიც გიჟური იდეებით წამლავენ მოსახლეობას და პირდაპირ ყიდიან ტყუილს. მერე ამ ტყუილის საფუძველზე ათას რეზოლუციას, განცხადებას იგონებენ და ცდილობენ, საქართველოს რეპუტაცია დააზიანონ. კარგია, რომ გამოძიება დაიწყო. აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნება შესწავლილი. აბსოლუტურად ყველა კომპონენტს ფარდა აეხდება. მოსახლეობა რეალურად ნახავს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მახაშვილმა.
რაც შეეხება მტკიცებულებების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ „თუ საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ფარდა აეხადოს BBC-ის ცრუპენტელობას“.
„ასეთ რაღაცას მეკითხებით: მე რომ გითხრათ, „რქები ამოგდით იმიტომ, რომ მე დავინახე თქვენ თმა მოიფხანეთ, უნდა დადგეთ ახლა თქვენ და ამტკიცოთ, რომ არა, მე რქები არ ამომდისო“. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს გამოძიება. სწორედ ამიტომ მივმართავთ ბრიტანულ მარეგულირებელს, თუ საჭირო იქნება საერთაშორისო გამოძიებას მოვითხოვთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ფარდა აეხადოს BBC-ის ცრუპენტელობას“, – განაცხადა მახაშვილმა.
მისი განმარტებით, BBC-ის ინგლისურენოვან და რუსულ ვერსიას გაეცნო. ლევან მახაშვილის თქმით, „რუსული ვერსია უფრო გამართული იყო ჟურნალისტური სტანდარტების თვალსაზრისით, ვიდრე ინგლისური ვერსია“.
„მე ინგლისური ვერსიაც ვნახე ამ ამბის და რუსული ვერსიაც. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მოსკოვის ფილიალს დაშვების ალბათობით უფრო ნორმალური ფორმულირება ჰქონდა, ვიდრე ინგლისურ ვერსიას. შევადარე, ერთიც ვნახე და მეორეც. რომ შეხედავდი ერთ ვერსიას და მეორეს, საინტერესო ისაა, რომ რუსული ვერსია უფრო გამართული იყო ჟურნალისტური სტანდარტების თვალსაზრისით, ვიდრე ინგლისური ვერსია“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.