ცხინვალში ე.წ. საჯარო მოხელე „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და არკვევენ, რატომ იმყოფებოდა ის საქართველოში

ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომელი დააკავეს, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 29 წლის დავით კ. სოფელ ახმაძიში დე ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
„საზღვრის დამრღვევი საქართველოს ტერიტორიიდან მოდიოდა. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, რატომ გადაკვეთა მან საზღვარი და მიიღებენ გადაწყვეტილება, დააკისრონ თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო მოხელეს 30-დან 75 ათას რუბლამდე ჯარიმა ემუქრება“, – წერს მედია.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „ხელისუფლებაში“ ახალგორის ადმინისტრაციის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ.