კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებულ, „დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.
აღნიშნული პოზიცია ხოშტარიას დაკავების დღიდან აქვს. პროცესზე იმყოფება საზოგადოებრივი ადვოკატი, ელენე მაღლაკელიძე, თუმცა, დაცვის სტრატეგიიდან და ბრალდებულის სურვილიდან გამომდინარე, ის მოწმეებს კითხვებსაც არ დაუსვამს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, რომელშიც თავად ელენე ხოშტარია წერს, რომ „ე.წ. სასამართლო სხდომაზე არ გეგმავს წასვლას”.
ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას გამომძიებელი გიორგი კაპანაძე აძლევს. სახელმწიფო ბრალდებას დღეს საერთო ჯამში დასაკითხად 3 გამომძიებელი ჰყავს წარმოდგენილი.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება“. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში მან თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.