დასავლეთის რამდენიმე მედიასაშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინის დელეგაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის ხელმძღვანელობით 4 დეკემბერს ჩავა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდება. 2 დეკემბერს მათ მოსკოვში მოლაპარაკება გამართეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინის ელჩმა ვაშინგტონში ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ 4 დეკემბერს რუსტემ უმეროვი შეერთებულ შტატებში იქნება და ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებას გააგრძელებს.
უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განსახილველად ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკება ფლორიდის შტატში გაიმართა 30 ნოემბერსაც.
უკრაინაში ომის დასრულების გეგმის განსახილველად ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკება ფლორიდის შტატში გაიმართა 30 ნოემბერსაც. დელეგაციებს ხელმძღვანელობდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
ორი დღის შემდეგ, 2 დეკემბერს კრემლში გაიმართა მოლაპარაკება, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი თანაშემწე იური უშაკოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.
უიტკოფი და კუშნერი რუბიოსთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან ფლორიდაში გამართულ შეხვედრაშიც.
კრემლში 2 დეკემბერს გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა, რომ განიხილეს სამშვიდობო გეგმის არსი და არა კონკრეტული წინადადებები, ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს, მუშაობა გაგრძელდება და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შინაარსს არ გაასაჯაროებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდათ, მაგრამ ვერ იტყვის, რა გამოვა ამ შეხვედრიდან, რადგან „ტანგოს ორი სჭირდება“.
· შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
· გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც.
· მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
ფორუმი




