: “საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი”

ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი ქართული კულტურის გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს უზიარებს:
“ვფიქრობ, არამარტო ხელოვნების სასახლის, არამედ ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. საქართველოს კუთვნილება გახდა ექვსი მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერი.
მათ შორისაა: საფრანგეთის სახელოვანი იმპერატორის ნაპოლეონ I-ის თორმეტსტრიქონიანი შესანიშნავი წერილი, თავად „ფრანგთა იმპერტორის“ კალიგრაფიითა და ხელმოწერით დამშვენებული!
ასევე: ნეაპოლის მეფის, ნაპოლეონის სიძისა და მარშლის იოაჰიმ მიურატის კალიგრაფიით შესრულებული საყურადღებო წერილი და მსოფლიოში სახელგანთქმული დიდი ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას ულამაზესი ხელწერით შექმნილი ძალიან საინტერესო ბარათი.
ეს წერილები გარდა იმისა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ადამიანების შექმნილია და მსოფლიო საგანძურს წარმოადგენს – საქართველოსათვისაც უმნიშვნელოვანესი რელიკვიებია. ყველასთვის ცნობილია, რომ 1868 წელს დადიანები საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახს დაუნათესავდნენ, სწორედ ამ წელს სალომე დადიანი აშილ მიურატზე დაქორწინდა. აშილი კი ნაპოლეონის დის კაროლინა ბონაპარტის და თავად იმპერატორის უშუალო შთამომავალი იყო. ასე გაჩნდა საქართველოში, კერძოდ, ზუგდიდში ნაპოლეონის უნიკალური ნიღაბი, ბონაპარტებისა და მიურატების იშვიათი მემორიალური ნივთები. აღარაფერს ვამბობ „სამი მუშკეტერის“ ავტორ ალექსანდრე დიუმაზე, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვა წიგნის „კავკასია“ სახით.
ეს ხელნაწერები საქართველოში კერძო პირის ხელში იყო, ნამდვილად დასანანი იქნებოდა მათი სახელმწიფო კოლექციის მიღმა დარჩენა. ამიტომ კულტურის მინისტრს თხოვნით მივმართე, მუზეუმმა კი მისგან მაშინვე მხარდაჭერა და თანადგომა მიიღო. აქვე ვიტყვი, რომ ამ კეთილ წამოწყებას მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ, მავანს საქართველოს ეროვნული საგანძურის გამდიდრება იმდენად ეწყინა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ფალსიფიკაცაიასა და მანიპულაციას მიჰყო ხელი! თუმცა უშედეგოდ, დღეს ეს ძვირფასი ხელნაწერები საქართველოს კუთვნილებაა! მსოფლიოს ბევრი მუზეუმი და წიგნთსაცავი ვერ დაიკვეხნის ასეთი განძით!
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. აქვე ვიტყვი: დაგეგმილი რეაბილიტაციისა და ხელნაწერებისათვის საჭირო პირობების შექმნის შემდეგ, შეძენილი ნიმუშები ზუგდიდის დადიანების სასახლეებში გამოიფინება. მათი ავთენტურობა და ორიგინალურობა დადგენილია საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „International Autograph Auctions Europe SL”-ს მიერ. ამჟამად ხელნაწერები სათანადო ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმების დაცვით მოთავსებულია ხელოვნების სასახლის შესაბამის საცავში!
ვულოცავ საქართველოს ამ დიდ შენაძენს!”