რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის წარმომადგენლებთან ერთად 2 დეკემბერს კრემლში თითქმის ხუთსაათიანი მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წარგზავნილ სტივენ უიკტკოფსა და ჯარედ კუშნერთან.
შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ უკრაინის შესახებ ამერიკული სამშვიდობო გეგმის პირველი ვარიანტის შემდეგ რუსეთმა მიიღო კიდევ ოთხი დოკუმენტი, რომლებიც კრემლში განიხილეს შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. რა დოკუმენტებია ეს, უშაკოვს არ უთქვამს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრემლის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 3 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, რატომ გადაეცა მოსკოვს სწორედ ოთხი დოკუმენტი და როგორ დაახასიათებდა მათ. პესკოვმა უპასუხა, რომ „ახლა არაფერს დაახასიათებენ“.
კრემლის პრესმდივანს დღევანდელ ბრიფინგზე ისიც ჰკითხეს, სწორი იქნება თუ არა ფორმულირება, რომ გუშინდელ შეხვედრაზე პუტინმა აშშ-ის გეგმა უარყო. პეკოვის პასუხი იყო, რომ „არასწორი იქნება”. მისივე განცხადებით, აზრთა ასეთი პირდაპირი გაცვლა გუშინ პირველად შედგა, რაღაც მისაღები იყო, რაღაც მიუღებელი და ეს კომპრომისის ძიების ნორმალური სამუშაო პროცესია.
პესკოვის თანახმად, იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატებიც არ გაავრცელებს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებების დეტალებს. როგორც კრემლის პრესმდივანმა თქვა, „რაც უფრო დიდ სიჩუმეში წარიმართება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება“.
კრემლში 2 დეკემბერს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, მისი თანაშემწე იური უშაკოვი, პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი, რომელიც უკრაინის შესახებ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩართულია პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი.
უიტკოფი და კუშნერი აშშ-ის სახელმწიფო მდივან რუბიოსთან ერთად მონაწილეობდნენ უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებაშიც, რომელიც 30 ნოემბერს ფლორიდაში გაიმართა.
კრემლში 2 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ პუტინის თანაშემწე უშაკოვმა განაცხადა, რომ განიხილეს სამშვიდობო გეგმის არსი და არა კონკრეტული წინადადებები, პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელებს უთხრა, რომ ტრამპის გეგმიდან რუსეთი რაღაცას შესაძლოა, დასთანხმდეს, ზოგიერთი წინადადების მიმართ კი კრიტიკულად და უარყოფითად არიან განწყობილი. უშაკოვის თანახმად, ჯერჯერობით კომპრომისული ვარიანტი არ არსებობს, მუშაობა გაგრძელდება და შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების შინაარსს არ გაასაჯაროებენ.
· შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის ნოემბერში შეთავაზებული თავდაპირველი გეგმა, რომელმაც მედიაში გაჟონა, დიდწილად ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.
· გეგმაში ცვლილებები შევიდა 23 ნოემბერს ჟენევაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგად. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ უკრაინის პარტნიორი ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლებიც.
· აშშ-უკრაინის მოლაპარაკება 30 ნოემბერს ფლორიდაში გაგრძელდა.
· მხარეები განახლებული გეგმის დეტალებზე ოფიციალურად არ საუბრობენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში შეხვედრის შემდეგ, 1 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმა დღეს უფრო უკეთ გამოიყურება, მისი განხილვის პროცესში კი ყველაზე რთული ტერიტორიების საკითხია. ზელენსკიმ რთულ საკითხებად დაასახელა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც და თავდაცვისა და ომის შემდგომი აღდგენის დაფინანსება.
ფორუმი




