ევროკავშირი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვაზე შეთანხმდა

ევროკავშირის საბჭომ და პარლამენტმა რუსული გაზის იმპორტის სამუდამოდ შეწყვეტისა და რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად უარის თქმის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილება დაასრულებს ევროკავშირის დამოკიდებულებას არასაიმედო მომწოდებელზე, რომელმაც არაერთხელ მოახდინა ევროპული ენერგობაზრების დესტაბილიზაცია, ენერგეტიკული შანტაჟით საფრთხე შეუქმნა მიწოდების უსაფრთხოებას და ზიანი მიაყენა ევროპულ ეკონომიკას“, — განაცხადა ევროკომისიამ.
ზაფხულში ინიციირებული კანონპროექტი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, დიპლომატებსა და ევროპარლამენტარებს შორის მწვავე დებატების საგანი იყო, თუმცა მხარეებმა ბოლო წუთს შეძლეს კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება.
„დღეს ჩვენ შევდივართ სგან ევროპის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ეპოქაში. REPowerEU-მ შედეგი გამოიღო. მან დაგვიცვა ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ენერგოკრიზისისგან და დაგვეხმარა, რეკორდული სისწრაფით გვეთქვა უარი რუსულ წიაღისეულ საწვავზე. დღეს ჩვენ ამ იმპორტს სამუდამოდ ვაჩერებთ. პუტინის სამხედრო ხაზინის დაცარიელებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ს და ორიენტირს ვიღებთ ახალ ენერგეტიკულ პარტნიორობებსა და შესაძლებლობებზე სექტორისთვის“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ფონ დერ ლაიენის მიერ ნახსენები REPowerEU საგზაო რუკა ამბობს, რომ რუსული წიაღისეული საწვავის სრული ამოღება აუცილებელი ნაბიჯია ევროპის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, კონკურენტუნარიანობის, მედეგობისა და ბაზრის სტაბილურობის გარანტირებისთვის.
2022 წლის შემდეგ ევროპაში რუსული გაზის იმპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა რუსეთზე ჯერ კიდევ მოდის ევროპის მთლიანი მოხმარების დაახლოებით 19%.
სანქციებისგან განსხვავებით, რომელიც დროებითია და 6 თვეში ერთხელ განახლებას საჭიროებს, ახალი კანონმდებლობა რუსულ გაზსა და ნავთობზე სამუდამოდ უარის თქმას ისახავს მიზნად.
„ომის დასაწყისში ჩვენ რუსეთს წიაღისეული საწვავისთვის თვეში 12 მილიარდ ევროს ვუხდიდით. ახლა ეს თანხა თვეში 1.5 მილიარდ ევრომდეა ჩამოსული. ჩვენი მიზანია, ის ნულამდე დავიყვანოთ“, — განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი 2026 წლის 31 დეკემბრამდე შეწყდება, ხოლო მილსადენის გაზისა — 2027 წლის 30 სექტემბრამდე. გამონაკლისის სახით, წევრმა სახელმწიფოებმა ეს ვადა შეიძლება 2027 წლის 31 ოქტომბრამდე გაახანგრძლივონ იმ შემთხვევაში, თუ მათი საცავების შევსების დონე სავალდებულო ნიშნულზე დაბალი იქნება. შესაბამისად, არაუგვიანეს 2027 წლის ნოემბრისა, ევროკავშირმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს რუსული გაზის იმპორტი.
შეთანხმების თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა წარმოადგინონ ეროვნული დივერსიფიკაციის გეგმები, სადაც გაწერილი იქნება გაზისა და ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის ზომები. მათ ასევე მოეთხოვებათ, რეგულაციის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში აცნობონ კომისიას, აქვთ თუ არა რუსული გაზის მიწოდების კონტრაქტები ან მოქმედებს თუ არა მათთან ეროვნული სამართლებრივი აკრძალვები.
ევროპარლამენტარების მოთხოვნის მიუხედავად, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას, თუმცა კომისია დაჰპირდა, რომ საკანონმდებლო წინადადებას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ მომავალი წლის დასაწყისში წარადგენს.
Politico-ს თანახმად, ევროკავშირის საბჭომ გაიტანა თავისი სადავო სია „უსაფრთხო“ ქვეყნებისა, საიდანაც ევროკავშირს გაზის იმპორტი მკაცრი შემოწმების გარეშე შეეძლება. კანონმდებლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ სიაში კატარი, ალჟირი და ნიგერია შედიან, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდნენ პირობით, რომ დარღვევების შემთხვევაში ქვეყნები სიიდან ამოიღებენ.
„ჩვენ იმაზე მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ჩემი რეალისტური სცენარით ველოდი — უფრო ადრეული ეტაპობრივი გაუქმება, მკაცრი ჯარიმები და იმ ხვრელების ამოქოლვა, საიდანაც რუსული გაზი იპარებოდა,“ — განაცხადა ევროპარლამენტარმა ვილე ნიინისტომ.
ამ პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, ტექსტი უნდა ითარგმნოს ევროკავშირის ყველა ენაზე და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ. საბჭოში მიღებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება. ოფიციალური მიღების შემდეგ ტექსტი გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.
ევროკავშირის ლიდერები რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივ ამოღებაზე 2022 წლის მარტის ვერსალის დეკლარაციით შეთანხმდნენ. ში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, 2025 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მთლიანი იმპორტის 45%-დან 13%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომისიის თანახმად, გასულ წელს ევროკავშირის ენერგოსისტემაში შევიდა 35 მლრდ კუბური მეტრი რუსულმა გაზი, რომლის სავარაუდო ღირებულება მიმდინარე ფასებით 10 მილიარდი ევროა. რუსული ნახშირის ყველა სახის იმპორტი სანქციებით აიკრძალა, ხოლო ნავთობის იმპორტი 2022 წლის დასაწყისში არსებული 27%-დან დღეისთვის 2%-მდე შემცირდა.
2025 წლის 6 მაისს კომისიამ მიიღო REPowerEU-ს საგზაო რუკა, 2025 წლის 17 ივნისს კი წარადგინა წინამდებარე საკანონმდებლო წინადადება რუსული გაზის ყველა იმპორტის ეფექტიანად აკრძალვისა და რუსული ნავთობის ეტაპობრივი ამოღების უზრუნველსაყოფად.
ოქტომბერში საბჭომ მიიღო სანქციების მე-19 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რომლის მიზანია ენერგორესურსების ექსპორტიდან რუსეთის შემოსავლების შემცირება. პაკეტი კრძალავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტს 2027 წლის 1-ლი იანვრიდან გრძელვადიანი კონტრაქტებისთვის, ხოლო მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის — სანქციების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის ვადაში.