თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისადმი – არ მიიღონ წარმოებაში სარჩელი მისი და კიდევ ორი სხვა პარტიის გაუქმების შესახებ, შეიძლება განიხილოს როგორც ზეწოლა სასამართლოზე.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
„რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, სარჩელი, რომელიც არის წარმოდგენილი, დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. როდესაც შენ წარმოადგენ ორგანიზაციას, რომელიც იმართება გარედან, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, მიმართულს ქვეყნის წინააღმდეგ, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. ამ ტიპის ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკოსებს არაფერი ესაქმებათ ქვეყანაში და არც უფლება უნდა ჰქონდეთ ამ ტიპის საქმიანობის გაწევის. როდესაც ხარ აგენტი, როდესაც ემსახურები სხვა ქვეყნის ინტერესებს, ძალიან მძიმეა. ეს განცხადებები შეიძლება განვიხილოთ პირდაპირი ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო ყოველთვის დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც წარმოდგენილია, ეს ყველაფერი გადამოწმდება და შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას აღნიშნულთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.




