მომღერალი ნოდიკო ტატიშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პირველი შვილის, კესანეს, მამა გახდა, ეკა ჩხეიძის გადაცემა “პირველ სტუდიაში“ იმ ამბებზე ისაუბრა, რაც მის ცხოვრებაში ბოლო წლებში მოხდა – ამერიკული წარმატება, შვილის დაბადება და სინდისის პატიმრების მიმართ სოლიდარობა.
ის ამჟამად სამშობლოში იმყოფება, რათა ახალი წელს მეუღლესთან და ახალდაბადებულ შვილთან ერთად შეხვდეს.
წარმატება ამერიკაში: ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი
მომღერალმა ამერიკაში მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კარიერაში საერთაშორისო ასპარეზზე:
“3 წლის წინ ამერიკამ მომანიჭა ექსტრაორდინარული ტალანტის არტისტის სტატუსი, რომელსაც მომღერლებს, სპორტსმენებს და მეცნიერებს ანიჭებენ. ეს გაძლევს საშუალებას, იცხოვრო და იმუშაო ამერიკაში, განვითარდე, კარიერაში ნაბიჯები გადადგა. ორ წელიწადზე მეტია, დავფრინავ [ამერიკასა და საქართველოს შორის]. ახლა აქეთ ვარ იანვრის ბოლომდე, თათიასთან და კესანესთან პირველი ახალი წელია. მოკლედ, ასე უნდა ვიარო”.
გულისტკივილი და სოლიდარობა: სინდისის პატიმრები
ნოდიკო ტატიშვილმა განაცხადა, რომ ღელავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და სინდისის პატიმრების ბედზე. მისი თქმით, ეს უსამართლობა არ აძლევს საშუალებას, სრულფასოვნად შეიგრძნოს პირადი ბედნიერება:
“მინდა მოვიკითხო სინდისის პატიმრები. დღე არ გავა, მათზე არ ვიფიქრო, არ ვინერვიულო. იგივე ალბათობით შეიძლება ჩვენც ვყოფილიყავით ციხეში, ისინი ხომ ისეთივე უდანაშაულო ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ჩვენც ხომ ვდგავართ აქციებზე. წინა წელს რომ ჩამოვედი, 1-ელ დეკემბრიდან 15 თებერვლამდე, ალბათ, ორჯერ არ ვყოფილვარ, დანარჩენი ყოველდღე ვიდექი იქ. შეეძლოთ მე დავეჭირე და დაებრალებინათ რაღაც აბსურდი, რასაც ამ ძვირფას ადამიანებს აბრალებენ. ისინი არიან ჩვენი დროის გმირები”.
“წარმოიდგინეთ, ყოფილი პრემიერი, რომელმაც კორუფციით მილიონები იშოვა, გარეთ არის და ხალხი, რომელიც უდანაშაულოა, ციხეშია. ეს უსამართლობა ამ ადამიანების მიმართ, არ მაძლევს საშუალებას, ბოლომდე ვიგემო ის ბედნიერება, რაც ჩემს თავს ხდება.“
უარი სახელმწიფო კონცერტებზე: “არ ვიქნები მართალი“
მომღერალმა ცალსახა პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.
“მგონია, რომ არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, გადავდგა ის ნაბიჯი და წავიდე და ვიმღერო კონცერტებზე. არ ვიქნები მართალი, მეცოდინება, რომ ამით ვღალატობ საქართველოს და იმ ადამიანებს, ვინც დღეს პატიმრობაშია. ვიდრე ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, არცერთ სახელმწიფო კონცერტში მონაწილეობას არ მივიღებ. რაც შეეხება კერძო კონცერტებს, იქ ვმღერი. ახლაც საახალწლოდ იგეგმება კონცერტები…“




