ელისაშვილი დანაშაულს აღიარებს

ალეკო ელისაშვილი დანაშაულს აღიარებს. როგორც მისმა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან სასამართლოს კანცელარიის შენობაში ცეცხლის გაჩენის გადაწყვეტილება შეგნებულად, პროტესტის გამოხატვის ფარგლებში მიიღო.
“ცეცხლი ოლიგარქიას და ცეცხლი უსამართლო სასამართლოს”, – ასეთია ელისაშვილის დანაბარები ადვოკატის თანახმად.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მან შაბათი დილის საათები განგებ აირჩია, რადგან ხალხი არ დაზარალებულიყო. ადვოკატის თქმით, მხოლოდ იმას ნანობს, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.
ადვოკატის თქმით, ელისაშვილი სასტიკად არის ნაცემი და მას ფიზიკური დაზიანებები სასამართლოს მანდატურებმა მიაყენეს თან იმ დროს, როდესაც უკვე ბორკილები ედო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაკავებულია კოალიცია “ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.
“გამოძიებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა. მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს.
დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებებით, მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი წარმომადგენელი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება