შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა, დღეს 29 ოქტომბერს, გამთენიას, საქალაქო სასამართლოს კანცელარიის დაწვა სცადა.
უწყების ცნობით, 29 ნოემბერს, გამთენიისას, ალექსანდრე ელისაშვილმა, „შენიღბულმა, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა, შეაღწია სასამართლოს კანცელარიის შიდა სივრცეში, სადაც პერიმეტრზე ბენზინი დაასხა, მათ შორის, საკანცელარიო ნივთებზე, ტექნიკაზე, დოკუმენტაციაზე და შენობის დაწვა სცადა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემთხვევის ადგილზევე წაასწრეს სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ელისაშვილმა „თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“.
„გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ალექსანდრე ელისაშვილი მანდატურებმა ადგილზევე დააკავეს“, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე ტექსტიდან ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირებისას დაზიანება მიიღო მანდატურის სამსახურის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და ის სამედიცინო კლინიკაშია გადაყვანილი.
„დაკავებისას, გაწეული წინააღმდეგობის გამო, დაზიანებები მიიღო ალექსანდრე ელისაშვილმაც. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მას სახეზე დალურჯებები აქვს.
ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-187-ე მუხლით მიმდინარეობს.
პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. პოლიტიკოსი დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი და მასთან ადოკატია შესული.
ფორუმი




