მათე დევიძის და – ეს ერთი წელი არის დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის

ერთი წელი გავიდა და აშკარაა: ხელისუფლება უფრო სუსტდება, ხალხი — უფრო ძლიერდება. ბრძოლა გრძელდება. ეს ერთი წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და მან თავისი სიტყვა თქვა: ევროპისკენ მიმავალ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის დამ, ელენე დევიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ელენე დევიძის თქმით, ეს ერთი წელი არის დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის.
“ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც არალეგიტიმურმა პრემიერმა, მ, გამოაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს გაწევრიანების თაობაზე 2028 წლამდე წყვეტს. ერთი წელი — დაკარგული დრო ქვეყნისთვის, მაგრამ მოპოვებული ძალა ხალხისთვის. მოქალაქეებისთვის ეს იყო უპრეცედენტო ბრძოლის წელი. ხალხი ყოველდღე იდგა ქუჩაში, უნივერსიტეტებში, რაიონებში, სასამართლოებში — ყველგან, სადაც თავისუფლებას საფრთხე შეექმნა.
ეს წელი იყო რეპრესიების წელი: მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს არარსებული ბრალდებებით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერენ მათ ამ გადაწყვეტილებას, სამსახურებიდან დაითხოვეს. ახალგაზრდებს ართმევენ ცხოვრების საუკეთესო წლებს და ციხეში გამოამწყვდიეს. სასამართლოები ხელისუფლების იარაღად აქციეს, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე ხალხი არ ნებდება. ჩვენ ვნახეთ, როგორ გახდა თითოეული ადამიანი პატარა ცეცხლი და როგორ გადაიქცა ეს ცეცხლი დიდ ალად, რომელსაც ვერაფერი ჩააქრობს. ერთი წელი გავიდა და აშკარაა: ხელისუფლება უფრო სუსტდება, ხალხი — უფრო ძლიერდება. ბრძოლა გრძელდება. ეს ერთი წელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და მან თავისი სიტყვა თქვა: ევროპისკენ მიმავალ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა ელენე დევიძემ.
შეგახსენებთ, 20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი