პოლონეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივებული დასაქმების პროცედურა უქმდება. 2025 წლის 1 დეკემბრიდან გამარტივებული გზით სამუშაო ვიზის მიღების საშუალება აღარ იქნება.
პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მიერ გამოცემული ახალი რეგულაცია, რომელიც 2025 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული, განსაზღვრავს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ისარგებლონ უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადებით.
1 დეკემბრიდან ძალაში შესული ახალი წესების თანახმად, გამარტივებული პროცედურები, მათ შორის უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება, შეეხებათ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
· სომხეთის რესპუბლიკა;
· ბელარუსის რესპუბლიკა;
· მოლდოვას რესპუბლიკა;
· უკრაინა.
ახალი რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისს ითვალისწინებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ პირობებში:
– გარდამავალი დებულება: საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ეს სამუშაო მინდობილი აქვთ წინამდებარე რეგულაციის ძალაში შესვლამდე, განცხადების საფუძველზე (ევიდენციაში შეტანილი oświadczenie o powierzeniu pracy cudzoziemcowi) შეუძლიათ გააგრძელონ მუშაობა ამ განცხადების მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
– მიმდინარე საქმეები: იმ პროცედურებზე, რომლებიც დაწყებული იყო და დასრულებული არ არის რეგულაციის ძალაში შესვლამდე, გავრცელდება ძველი რეგულაციის ნორმები.
რეგულაცია, რომლის სრული სახელწოდებაა „ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის დადგენილება იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შესაძლოა შეეხოს უცხოელისთვის სამუშაოს მინდობის შესახებ განცხადება და სეზონური სამუშაოს ნებართვის ზოგიერთი დებულება“, გამოქვეყნდა პოლონეთის რესპუბლიკის კანონების ჟურნალში (Dz. U. poz. 1617) 2025 წლის 25 ნოემბერს.
ეს დოკუმენტი ცვლის მინისტრის 2017 წლის 8 დეკემბრის წინა დადგენილებას, რომელიც 1 დეკემბრიდან ძალას კარგავს.
წყარო: tvpirveli.ge




