პროტესტები ბაშკირეთში – ქუჩაში „ათასობით ადამიანი“ გამოვიდა

რუსეთის რეგიონ ბაშკირეთში, ქალაქ ბაიმაკში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი გამოვიდა ოპოზიცინერი აქტივისტის, ფაილ ალსინოვის სასამართლო განაჩენის გასაპროტესტებლად. გარდა ამისა, ისინი რეგიონის ხელმძღვანელის გადადგომასაც ითხოვენ.
ადგილობრივი რუსული მედიის ცნობით, აქციაზე მობილიზებულნი არიან ძალოვნებიც, მათ შორის ОМОН – რუსული მილიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც ხალხის წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა. არიან დაკავებულებიც, მაგრამ მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. ОМОН-ელებს მომიტინგეებმა, საპასუხოდ, თოვლის გუნდები დაუშინეს.
ალსინოვი საკმაო ხანი იყო დაკავებული ოპოზიციური საქმიანობით, და 2023-ის აპრილში სოფელ იშმურზინოში გამართულ პროტესტში იღებდა მონაწილეობას – მაშინ რეგიონში გეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა, ოქროს საბადოს აღმოჩენისა და შემდგომი დამუშავების მიზნით. ალსინოვი ამბობდა, რომ ეკოლოგიური ზიანის გარდა, საბადო ბაშკირეთში შრომით მიგრანტებს მიიზიდავდა.
იმავე წლის ოქტომბერში ბაშკირეთის მეთაურმა, რადი ხაბიროვმა მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა და ეროვნული ზიზღის გაღვივებაში დასდო ბრალი. „მედუზას“ ცნობით, გამოსვლისას ალსინოვმა ბაშკირულ ენაზე წარმოსთქვა სიტყვები „კარა ხალიკ“, რაც ადრე ოქროს ურდოს დაქვემდებარებული მოსახლეობის აღმნიშვნელი იყო, ახლა კი ჩვეულებრივი ხალხის აღმნიშვნელად გამოიყენება. საგამოძიებო ექსპერტიზამ მიიჩნია, რომ ეს რუსულ ენაში კავკასიისა და შუა აზიის მაცხოვრებლებისადმი შეურაცხმყოფელი სიტყვების სინონიმი იყო.
საბოლოო ჯამში, იანვრის დასაწყისში პროკურატურამ ალსინოვისთვის ოთხწლიანი პატიმრობა მოითხოვა. 16 იანვარს იგი ექსტრემისტთა რეესტრში შეიყვანეს, 17 იანვარს კი სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სწორედ ამ სხდომის ფონზე შეიკრიბა მასობრივი მიტინგი. ხელისუფლებამ წამოიწყო გამოძიება „მასობრივ უწესრიგობაში“ გამოსვლის შესახებ. რუსული მედია აგრეთვე წერს, რომ პროტესტების დროს ხელისუფლება ინტერნეტ-სიგნალის ჩახშობას ცდილობდა, რის გამოც ხარვეზები დაფიქსირდა მესენჯერ WhatsApp-ის მუშაობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…