რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30…- ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსვლელობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი დღეს უმცირესობაში არიან.
„რა მოლოდინი უნდა მქონდეს? ხომ ხედავთ, რა მდგომარეობაში არიან?! არ აქვს არსებითი მნიშვნელობა რამდენი იქნება, 10 ცალი, 30. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი უმცირესობაში არიან. ეს არის მოცემულობა. ქართველმა ხალხმა საპარლამენტო არჩევნებზე უთხრა არა, თვითმმართველობის არჩევნებზეც უთხრა არა. ეს არის მოცემულობა და ვიღაც უმცირესობაშია და უნდა ძალით რაღაცები გადაალაგოს, არ გამოვა. არსებობს კონსტიტუცია და კანონი, ვინც წავა წინააღმდეგ, მოჰყვება შესაბამისი რეაგირებ“,- აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს, დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. უფრო კონკრეტულად, ორი მსვლელობაა დაგეგმილი. კერძოდ, 19:00 საათზე, მოქალაქეები თსუ-ის პირველი კორპუსიდან და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ძველი შენობიდან დაიწყებენ მსვლელობას. 20:00 საათიდან მოქალაქეები შეიკრიბებიან პარლამენტთან.
ამასთან, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გახდა.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება.
„მოვისმინეთ, ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. უშუალოდ პრემიერმა, პარლამენტარებმა, მეც ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს – არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. ეს გახდა მთავარი მამოძრავებელი იმ სპეკულაციებისა და სიბინძურისა, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან ვისმენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოა. სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 28 ნოემბერს 1 წელი გადის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებიდან, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით იკრიბებიან – დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.




