რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში „მცხოვრები“ კაცი კლინიკაში გადაიყვანეს

ტაჯიკეთის მოქალაქე, ეთნიკურად ოსი ალან გაცოევი, რომელიც თვეებია, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე ავტომობილში ცხოვრობს, ჩრდილოეთ ოსეთში კლინიკაში გადაიყვანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
სამოქალაქო აქტივისტის, ინდირა გაბოლაევას ცნობით (სწორედ მან გამოუძახა გაცოევს სასწრაფო დახმარება), გაცოევის მდგომარეობა ამ დროისთვის, 28 ნოემბრის საღამოსთვის სტაბილურია და მას მომდევნო დღეებში გაწერენ.
გავრცელებული ცნობებით, გაცოევი, სავარაუდოდ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გაემგზავრება და რუსეთის მიერ „დამოუკიდებლად“ გამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ „მოქალაქეობის“ მიღებას შეეცდება.
45 წლის წლის გაცოევის შესახებ 21 ნოემბერს გამოაქვეყნეს სტატია „ეხო კავკაზამ“. ის ხუთი თვის განმავლობაში გამვლელი ავტომანქანების მძღოლების მიერ მიწოდებული პროდუქტებით იკვებებოდა.
სტატიის თანახმად, გაცოევი არის ექვსი შვილის მამა, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი აქვს და გადატანილი აქვს ინფარქტი; მისი მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში არიან დაკრძალული. ვლადიკავკაზში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები და ნათესავები.
მას რუსეთში შესვლა აკრძალული აქვს, საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო. საქართველოში შესვლის მცდელობის შემდეგ უკან დაბრუნებისას, გაცოევი ჩიხში აღმოჩნდა – მას საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს და აღარც რუსეთში შეუშვეს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში ის არ განმარტავს საქართველოში არშეშვების მიზეზს. ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საფუძველი „სხვა მიზეზებია“ ხოლმე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ეხო კავკაზასთან“ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.
ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტაჯიკეთის მოქალაქეს „მიგრაციის შესახებ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის არაერთხელ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა”. 2021 წლიდან მას რუსეთის ფედერაციაში შესვლა აკრძალული აქვს. უწყებაში აცხადებს, რომ მას არც უცდია სტატუსის საკითხის მოგვარება და ქვეყანაში არალეგალურად მუშაობას განაგრძობდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი