სამხრეთაფრიკული ‘კუდუს’ წვეულთა სამი ასაკობრივი გუნდი, დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა და როგორც ქართულ კლუბებთან, ასევე 20-წლამდელთა სელექციასთან ამხანაგურ თამაშებს გამართავს.
‘კუდუ’ პრეტორიის რეგიონს მოიცავს. 16 და 18-წლამდელთა გუნდები ამ რეგიონის სასკოლო ლიგის კლუბების მოთამაშეებით დაკომპლექტდა, ხოლო 20-წლამდელთა გუნდში, ადგილობრივი კლუბებისა და ‘ბლუ ბულსის’ აკადემიის მორაგბეებიც მოხვდნენ.
ქართული ტურნესთვის სამხრეთაფრიკელები სერიოზულად ემზადებიან და ვარჯიშებს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მართავენ. ისინი თბილისში ორ ეტაპად, შაბათ-კვირას ჩამოვლენ და ჩვენს ქვეყანაში 8 დღეს გაატარებენ.
ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქართველი ახალგაზრდებისთვის, ადრეულ ასაკში შეიძინონ საერთაშორისო თამაშების გამოცდილება. ერთი კვირის განმავლობაში სამხრეთ აფრიკელებს 6 ქართული კლუბი ეთამაშება, ხოლო 20-წლამდელთა სელექცია სტუმრებს 3-ჯერ შეხვდება, რაც მწვრთნელებს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის კანდიდატების შერჩევაში დაეხმარება.
პირველი სათამაშო დღე 2 დეკემბერია და სამი შეხვედრა „რაგბი პლატოზე“ გაიმართება: 14 საათზე ‘კუდუს’ 16-წლამდელთა გუნდი, თბილისის ‘აკადემიას’ 16-წლამდელებს ეთამაშება; 15:15 საათზე სამხრეთაფრიკელთა 18-წლამდელები თბილისის ‘რაშების’ თანატოლებს შეერკინებიან; 20-წლამდელები 16:45 საათზე საქართველოს 20-წლამდელთა სელექციას დაუპირისპირდებიან, რომელიც ქართულ კლუბებში მოთამაშე 20-წლამდელთა ნაკრების კანდიდატებით იქნება დაკომპლექტებული.
4 დეკემბერს ‘კუდუ’ თელავს ეწვევა და „კავკასიონი არენაზე“ სამ თამაშს გამართავს: 13 საათზე ‘კუდუს’ 16-წლამდელებს ‘ჭადარის’ თანატოლები დაუხვდებიან; 14:15 საათზე სტუმართა 18-წლამდელების წინაშე ‘ყოჩების’ ა ლიგის გუნდი წარსდგება; სათამაშო დღე 20-წლამდელების დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც 15:45 საათზე დაიწყება.
6 დეკემბერს სტუმრებს განსხვავებული აქტივობა აქვთ. ისინი „ავჭალის“ რაგბის სტადიონს ეწვევიან და სამხრეთაფრიკელი მწვრთნელები 10 და 14-წლამდე მორაგბეებს (თითო ასაკში 50 მოთამაშე) ვარჯიშებს ჩაუტარებენ.
‘კუდუ’ 7 დეკემბერს კიდევ სამ თამაშს გამართავს. „რაგბი პლატოზე“ 16-წლამდელები ‘არმაზის’ თანატოლებს 11 საათზე დაუპირისპირდებიან; 12:15 საათზე სტუმართა 18-წლამდელთა გუნდი ‘ლოკომოტივს’ შეერკინება; 14 საათზე ‘კუდუს’ 20-წლამდელები მესამედ შეხვდებიან საქართველოს 20-წლამდელთა სელექციას.
Rugby.ge
5-ქალა | დიდი უპირატესობით რუმინეთთან
5-ქალას ისტორია რუმინეთიდან იწყება



