ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი იერიში მიიტანეს იემენში, მეამბოხე ჰუთების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, 17 იანვარს გაანადგურეს თავდასხმისთვის გამზადებული 14 რაკეტა, რომლებიც წითელ ზღვაში საფრთხეს უქმნიდნენ სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს და ამერიკულ სამხედრო გემებს.
ცენტრალური სარდლობის განცხადებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ისარგებლეს თავდაცვის უფლებითა და ვალდებულებით. სარდლობის თანახმად, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების ობიექტზე მორიგი დარტყმა კიდევ უფრო ზღუდავს მათ მიერ გემებზე უგუნური თავდასხმების შესაძლებლობას. ჰუთებმა ამერიკული თვითმფრინავებიდან განხორციელებული შეტევა დაადასტურეს, თუმცა შედეგზე ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ იემენელ მეამბოხეთა ობიექტებზე პირველი იერიში 12 იანვარს მიიტანეს და ოფიციალური მონაცემებით, 60-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადეს, რომ დარტყმები იყო პასუხი წითელ ზღვაში გემებზე უპრეცედენტო თავდასხმებზე. ბოლო დღეებში, ჰუთების პოზიციებზე კიდევ რამდენიმე დარტყმა განხორციელდა.
იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.
თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.