დასანერგია ჯანდაცვის ვაუჩერი, რომელიც ექნება თითოეულ მოქალაქეს და თავად გადაწყვეტს, ვისთან მივა სამკურნალოდ – ჯანდაცვის სპეციალისტი

ჯანდაცვის სპეციალისტი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ საყოველთაო არაეფექტიანია და უნდა დაინერგოს ვაუჩერი, რომელიც ექნება თითოეულ მოქალაქეს და თავად გადაწყვეტს, წავა კერძო სადაზღვევო სისტემაში, თუ დარჩება სახელმწიფო სისტემაში და ამასთან ერთად, ექნება ზუსტად იგივე ფინანსური ხელმისაწვდომობა, უბრალოდ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ვახტანგ კალოიანი აღნიშნავს, რომ საყოველთაო იხდის უზარმაზარ თანხას და არც კითხულობს სამედიცინო მხარდაჭერის ხარისხს. მისი შეფასებით, სახელმწიფოს არ აინტერესებს, რა ხარისხს იღებენ მოქალაქეები და აქცენტი მხოლოდ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე კეთდება.
„სახელმწიფომ ყოველწლიურად უნდა გამოაქვეყნებინოს თითოეულ სამედიცინო დაწესებულებას ინდიკატორებზე დაფუძნებული შედეგები, ეს უნდა იყოს იოლად ხელმისაწვდომი. თუ სადაზღვევო კომპანია გვთავაზობს კონკრეტულ კლინიკებს, ჩვენ უნდა შეგვეძლოს იმის გადამოწმება, რამდენად კარგი ხარისხი აქვთ, რამხელა გართულებები აქვთ, კმაყოფილება როგორია და შესაბამისად, შევძლებთ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებას. მსოფლიოს ყველა დიდი, წარმატებული და პასუხისმგებლობიანი კლინიკის მაგალითი რომ ავიღოთ, ყველგან ნახავთ მათ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ შედეგებს, რაც არის ღია და საჯარო ინფორმაცია. შესაბამისად, საზოგადოებაც, სადაზღვევო კომპანიებიც, რეაგირებენ ამ შედეგებზე და ჩნდება სტიმული, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაღალი იყოს“, – ამბობს ვახტანგ კალოიანი.
სპეციალისტის შეფასებით, სანამ სახელმწიფო არ გააჩენს სტიმულებს კონკურენციის სახით სადაზღვევო კომპანიებსა და საავადმყოფოებს შორის, იქამდე ჯანდაცვაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.