არგენტინის მთავრობამ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე წარადგინა არგენტინელი დიპლომატის, რაფაელ მარიანო გროსის კანდიდატურა. გროსი 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA).
გაეროს მოქმედ გენერალურ მდივანს, პორტუგალიელ პოლიტიკოსს და დიპლომატს, ანტონიუ გუტერეშს უფლებამოსილების მეორე ხუთწლიანი ვადა 2027 წელს ეწურება. გუტერეში გენერალური მდივანია 2017 წლიდან.
არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, რომ 2027-2031 წლებში გაეროს განერალური მდივნის თანამდებობის დასაკავებლად წარადგინა რაფაელ მარიანო გროსის კანდიდატურა.
არგენტინის მთავრობა მიიჩნევს, რომ გროსი მისი მრავალმხრივი ცოდნით, დიპლომატიური დიალოგის უნარით, კონფლიქტურ და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების გამოცდილებითა და კომპეტენტურობით, გაეროს გენერალური მდივნობის გამორჩეული კანდიდატია.
გაეროს გენერალურ მდივანს უსაფრთხოების საბჭოს რეკომენდაციით ნიშნავს გენერალური ასამბლეა.
ფორუმი



