სალომე სამადაშვილი – არასდროს მომითხოვია ვინმეს ჩაქოლვა, არც „ლელოს“ მოუთხოვია – თუ ვინმე ითხოვს, არ ვისაუბროთ შეცდომებზე, რადგან ეს ადამიანი სამწუხაროდ, დაპატიმრებულია, ამის „ვექსილს“ ვერ გავცემ

თუ ვინმე ითხოვს, რომ არ ვისაუბროთ შეცდომებზე, რადგან ეს ადამიანი სამწუხაროდ დაპატიმრებულია, ამის „ვექსილს” ვერ გავცემ მარტივი მიზეზით, რადგან საქართველო უფრო ბევრია ჩემთვის და მისი მომავალი, -ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ყოფილ მთავარი პროკურორის, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ზოდელავამ თქვა, რომ „ჩვენი მაცხონებელი არ დარჩა ამ ქვეყანაში, ჩვენი დაკავებიდან ნახევარი ოპოზიცია ჩვენს ჩაქოლვას ითხოვდა…“.
როგორც სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ოპოზიციას შეეძლო არჩევნებამდე გაერთიანებულიყო და დიდი წარმატებისთვის მიეღწია, ნაცვლად საარჩევნო ბოიკოტისა.
„პოლიტიკურ აქტორებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ხალხმა და ამომრჩეველმა, ამიტომ მნიშვნელოვანია რა გაკვეთილები გამოიტანა საზოგადოებამ. ის განცხადებები, ჩემი აზრით უპასუხისმგებლოა. როგორ შეიძლებოდა მოვლენები 4 ოქტომბერს განვითარებულიყო, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ამას წინ უძღოდა ბოიკოტი ს, სადაც ოპოზიციას რეალისტური შანსი ჰქონდა გაემარჯვებინა თბილისსა და სხვა დიდი ქალაქებში და ჩვენ დღეს ბევრად უფრო კარგ პოზიციაში ვყოფილიყავით. შეიძლება სხვა სიტუაცია ყოფილიყო რომ განხორციელებულიყო შეთავაზება, რაც ჩვენ გვქონდა – არჩევნებამდე მომხდარიყო დიდი გაერთიანება და დაგვეწყო საქართველოს გათავისუფლება. როდესაც ასეთ რეალისტურ გეგმას წიხლი ჰკრეს და სანაცვლოდ 4 ოქტომბერს უპასუხისმგებლო დაპირებები გასცეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული რთული ვითარება პოლიტიკურ ძალებს ავალდებულებს, პირდაპირ უთხრან საზოგადოებას სიმართლე და მიუთითონ იმ შეცდომებზე, რომლებიც ქვეყნის მომავალზე აისახა.
სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილება ბოიკოტში დარჩენილიყვნენ ქვეყანას მძიმე შედეგები მოუტანა:
„არასდროს მომითხოვია ვინმეს ჩაქოლვა, არც „ლელოს“ მოუთხოვია. ჩემი პასუხისმგებლობა, არ არის მხოლოდ ვიღაცის მაამებლობა. ჩვენი ამოცანაა მოვძებნოთ გამოსავალი ურთულესი მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის საქართველო შესული. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება არ მივუთითოთ პოლიტიკურ შეცდომებზე. ამ შეცდომებს შეიძლება გადაყვეს საქართველოს ბედი და მისი მომავალი ამიტომ შეცდომებზე ჩვენ ხშირად მივუთითებთ. საზოგადოება იმსახურებს შევახსენოთ, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო და რა დაუჯდა ეს გადაწყვეტილება ქვეყანას. საარჩევნო ბოიკოტის გადაწყვეტილება ძალიან ძვირი დაუჯდა ქვეყანას.
ნურავის ექნება ილუზია, რომელმაც საქართველოს სიყვარულის რწმენით ძალიან დიდ სისულელეს მოაწერა ხელი, ჩემგან ნუ ექნება მოლოდინი იმისა, რომ არ შევახსენებ ამ სისულელეს, შესაბამისად, არ დავიცავ ჩემი ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო და როგორი შედეგი მოუტანა ამან ქვეყანას.
სამადაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს პოლიტიკურ დებატებში ჩუმად დარჩენაზე მხოლოდ იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები ამჟამად დაკავებულები არიან:
„თუ ვინმე ითხოვს, რომ არ ვისაუბროთ შეცდომებზე, რადგან ეს ადამიანი სამწუხაროდ დაპატიმრებულია, ამის ვექსილს ვერ გავცემ მარტივი მიზეზით, რადგან საქართველო უფრო ბევრია ჩემთვის და მისი მომავალი. ამიტომ, პოლიტიკურ დისკუსიაში ნურავინ მოითხოვს არ ვისაუბროთ დაშვებულ შეცდომებზე. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ბრძოლა ისევ მოსაგებია ერთობლივი ძალებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.