ნუგზარ წიკლაური – 28 ნოემბრის პროტესტს დიდი მასშტაბი ნამდვილად ექნება, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აქცია არ დაიშალოს, არ არის მიღებული, თუმცა გამორიცხული არაფერია

4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბევრი რამ მათაც ჰქონდა დაგეგმილი სხვანაირად, მაგრამ არსებობდნენ მოღალატეები, რომლებმაც პროტესტის ფინალურ ნაწილს ეს სახე მისცეს ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, 4 ოქტომბერს ძალადობრივი სცენარი რომ ყოფილიყო დაგეგმილი, პროცესიც და შედეგიც სხვაგვარად წარიმართებოდა.
წიკლაური აცხადებს, რომ მას დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და „კონფიდენციალური დეტალები“ თავის დროზე გახდება ცნობილი.
„მე საიდან შეიძლება ვიცოდე, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. მაშინ გაირკვევა, როდესაც თვითონ გადაწყვეტენ თქვან. თავად თქვეს, რომ რაღაც დრო მოვა თავად ისაუბრებენ და ფარდას ახდიან, მათ შორის, იმ პერიპეტიებს, რომელიც ამ დიდ გამოსვლებს წინ უძღოდა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს, რომ მქონდეს პაატას და მურთაზის გარეშე არ დავიწყებდი საუბარს. მთავარი საკითხია ის, რომ თუ რატომ დასჭირდათ ამ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება ჰქონდათ, 300 დღე გაეტარებინათ ქართველ ხალხთან ერთად სიცივეში და დარბევებში. ამ მიზეზებზე უნდა ვიფიქროთ.
მართლა შეიარაღებულ ან ძალადობრივ სცენარს ჰქონოდა ადგილი, დარწმუნებული იყავით რომ სხვანაირად მომზადდებოდა ეს ამბავი, არც დასრულდებოდა ისე, როგორც დასრულდა.
ეს იყო ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. თავად ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბევრი რამ მათაც ჰქონდა დაგეგმილი სხვანაირად, მაგრამ არსებობდნენ მოღალატეები, რომლებმაც პროტესტის ფინალურ ნაწილს ეს სახე მისცეს. სანამ თავად არ იტყვიან ამის შესახებ, მე როგორ შემიძლია საუბარი მათ ნაცვლად“,- განაცხადა წიკლაურმა.
ასევე, მან 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება.
მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, აქცია არ დაიშალოს, თუმცა ასეთი სცენარი სრულად არ გამოირიცხება:
„28 ნოემბრის პროტესტს დიდი მასშტაბი ნამდვილად ექნება. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ აქცია არ დაიშალოს, არ არის მიღებული. არ შემიძლია თქმა, რომ ეს ასე მოხდება, თუმცა, გამორიცხული არაფერი არ არის. „ქართული ოცნება“ ცდილობს დასავლეთს უთხრას იმის შესახებ, რომ პროტესტი მცირდება. სინამდვილე ვიცით რაც არის, 1 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილება გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად წოდებულმა მ. სწორედ ამას ეძღვნება 28 ნოემბრის აქციაც. მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი გამოსვლა იქნება“,- აღნიშნა წიკლაურმა.