Facebook-ში პოლიციელის გინების გამო შსს-მ მოქალაქის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციელის ქმედებას აკრიტიკებდა და მას აგინებდა. Facebook-ში გამოქვეყნებული სტატუსის შესახებ ოქმი პატრულ-ინსპექტორმა გურამ ქანაშვილმა შეადგინა.
„ამ პოსტი შესაძლებელია შეიცავდეს სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ […] ქმედების ნიშნებს“, – წერს პატრულ-ინსპექტორი ოქმში [სტილი დაცულია].
ნათია გაბრავა სადავო პოსტში წერდა, რომ ია მელითაური პოლიციელმა ლაშა სალუქვაძემ იმ ფეისბუკპოსტის გამო დააკავა, რომელშიც ის „ქალებზე მოძალადედ“ იყო მოხსენიებული.
„ია მელითაური დააკავეს სალუქვაძეზე პოსტის გამო. ზუსტად ვიცი! გუშინდელ დაკავებულებში ჰყავთ ერთ-ერთი, რომელიც იას ნაცვლად დააკავეს!
ხოდა, სალუქვაძის მოძალადე დედას შე**ცი, სი**ლისიანი **ეკაცა, ეგ!
ახლა დადგეს და მეც დამიჭიროს! ამიიის პატრონს შ**ეცი!“ – დაწერა ნათია გაბრავამ 23 ნოემბერს ფეისბუკში.
სამართალწარმოება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამ მუხლით მოსამართლეს უფლება აქვს, მოქალაქე დააჯარიმოს 2000-დან 5000 ლარამდე ან 60 დღემდე დაპატიმრება შეუფარდოს.
ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი პოლიციელს სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებს მესამედ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ.