თაზო დათუნაშვილი – კობახიძის პარლამენტში ინტერპელაცია იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დისფუნქციურია დღეს ე.წ. ხელისუფლება

კობახიძის პარლამენტში ინტერპელაცია იყო ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი დისფუნქციურია დღეს ე.წ. ხელისუფლება და როგორ არაფერს აღარ აქვს უკვე ამ ქვეყანაში ფასი , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსმენას გამოეხმაურა.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, პარლამენტში Eagle hills-ის პროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის არაკომპეტენტური და არაზუსტი შეფასებები მოვისმინეთ.
„ქვეყანაში, სადაც 700 000=ზე მეტი სოციალურად დაუცველია, სადაც კატასტროფულად იზრდება პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები, სადაც უსახლკაროების რაოდენობის კატასტროფული მაჩვენებელია, 300 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს, განათლება უკიდურესად მძიმე ვითარებაშია, ამ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციით საქართველოს პარლამენტში მიდის, რომ ილაპარაკოს დეველოპერულ პროექტზე, რომელსაც არაბები ახორციელებენ კრწანისში და გონიოში. ეს ფაქტი არის უდიდესი კატასტროფა, რომელიც ამ ქვეყანას სჭირს.
ამ საკითხთან მიმართებაში უბრალოდ არაკომპეტენტურია. დღეს მოვისმინეთ არაზუსტი მონაცემები, არაზუსტი შეფასებები. დღეს ჩვენ გავიგეთ,რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რას ნიშნავს ინვესტიცია. მით უმეტეს,»არ ესმის, რას ნიშნავს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. არ ესმის, რას ნიშნავს განსხვავება მოგებასა და ინვესტიციას შორის. აბსოლუტური სიგიჟეების მთელი კასკადი მოვისმინე.
ამ ცოდვილობის, რასაც დღეს რიცხვებთან მიმართებაში აკეთებდა, არ გვჯერა. საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ, ჩვენი მიწა რატომ სხვისდება და სად არის ამის შესაბამისი ინვესტიცია. საქართველოს მოქალაქეებს მათ შორის აინტერესებთ ამ პროექტის სოციალური მდგენელი და აინტერესებთ პოლიტიკური, დემოგრაფიული და ყველა სხვა მდგენელი, რაც შეიძლება მას მოჰყვეს.
დაბოლოს, მთავარი ტყუილი არის ის, რომ იქ ვინც იცხოვრებს, თურმე 80% საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, ეს არის ტყუილი. შეუძლებელია იქ ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ცხოვრობდეს, როცა კვადრატულის ფასი 5 ათასი დოლარია. ეს ტყუილია და არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის საელჩო – ალან პერსელი ლაშა ხუციშვილს შეხვდა, რათა განეხილა, ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და როგორ შეუძლია საქართველოს მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს”

კაია კალასი – პუტინს ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევა არ შეუძლია, ამიტომ შეეცდება მათ მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს – ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის მხრიდან დათმობებს უნდა მოიცავდეს