რუსეთში აცხადებენ, რომ ბელგოროდზე რაკეტებით თავდასხმა მოიგერიეს

დღეს დილით საჰაერო განგაში გამოცხადდა ს ქალაქ ბელგოროდში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, ქალაქსა და მის შემოგარენში რამდენიმე აფეთქება იყო.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „წარმატებით ჩამოაგდეს“ 10 უკრაინული რაკეტა. გლადკოვის ცნობითვე, განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებით დაიჭრა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ბელგოროდის მახლობლად დაზიანებულია ორი სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები და გაზით მომარაგების სისტემა.
2023 წლის ბოლოდან ბელგოროდზე არაერთი სარაკეტო შეტევა იყო. რუსეთი თავდასხმებში უკრაინის არმიას ადანაშაულებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკისა და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიას ყველაზე ხშირად უტევს.

ასევე დაგაინტერესებთ