ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მდივანმა დენიელ დრისკოლმა უკრაინის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთთან გარდაუვალი მარცხი ელოდებათ. ამის შესახებ ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დღეს, 26 ნოემბერს იუწყება ტელეკომპანია NBC News.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი კიევში 20 ნოემბერს შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს ომის დასრულების გეგმის თავდაპირველი ვარიანტი.
არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი სამოქალაქო პირია, რომელიც პასუხიმგებელია შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამერიკული მედიის ცნობით, დრისკოლი ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მეგობარია. ისინი ერთად სწავლობდნენ იელის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში.
NBC News-ის წყაროთა თანახმად, კიევში შეხვედრისას დრისკოლმა ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ უკრაინის ჯარები მძიმე სიტუაციაში არიან, რუსეთის ჯარებთან გარდაუვალი მარცხი ელოდებათ, უკრაინისთვის ვითარება დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდება და უმჯობესი იქნება, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ახლა დაიწყებენ, სანამ მომავალში უფრო სუსტ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებიან.
NBC News-ის წყაროთა ცნობით, უკრაინის ხელისუფლებას ისიც უთხრეს, რომ ამერიკული სამხედრო მრეწველობა ვერ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად საჭირო მოცულობის იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
დენიელ დრისკოლმა ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინას გადასცა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა, რომელიც კიევში კაპიტულაციად შეფასდა. NBC News-ის ერთ-ერთი წყაროს სიტყვებით, უკრაინისადმი მესიჯის არსი იყო, რომ აგებს და გარიგებას უნდა დასთანხმდეს. უკრაინამ უარი თქვა აშშ-ის მიერ გადაცემული გეგმის არსებული სახით მიღებაზე.
ინფორმაცია, რომ აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, პირველად 18 ნოემბერს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
მომდევნო დღეებში არაერთი მედიასაშუალება ვაშინგტონის 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.
გამოცემა Politico ამერიკელ სენატორებზე დაყრდნობით 22 ნოემბერს წერდა, რომ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსგან მიღებული ინფორმაციით, არსებული გეგმა წარმოადგენს რუსეთის წინადადებებს და არა შეერთებული შტატების ინიციატივას. თავად რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სამშვიდობო წინადადების ავტორი შეერთებული შტატებია.
სამშვიდობო შეთანხმების საკუთარი ვარიანტი მოამზადეს უკრაინის მოკავშირე ევროპის სახელმწიფოებმაც.
ამერიკის შეერთებული შტატებისგან გეგმის მიღებისა და არმიის მდივან დენიელ დრისკოლთან შეხვედრიდან მეორე დღეს, 21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა. ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო და მოლაპარაკებები გაგრძელდება.
24 ნოემბერს ტელეკომპანია CBS-ი იუწყებოდა, რომ არმიის მდივანმა დენიელ დრისკოლმა რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში. კრემლში ეს არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებებამდე ორი დღით ადრე, 21 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ამერიკული მხარისგან მიიღეს გეგმა, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს მომავალ „მშვიდობიან დარეგულირებას“.
პუტინის თქმით, თუ კიევი უარს ამბობს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებზე, ევროპელებთან ერთად უნდა ესმოდეს, რომ ფრონტის ხაზის ძირითად მონაკვეთებზე აუცილებლად განმეორდება ის, რაც კუპიანსკში მოხდა. ხარკოვის ოლქის ეს ქალაქი, როგორც პუტინმა თქვა, ნოემბრის დასაწყისისთვის „პრაქტიკულად, მთლიანად და სრულად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელში იყო“.
25 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დასასრულებლად სპეციალურ წარმომადგენელს, სტივენ უიტკოფს დაავალა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა, არმიის მდივანი დენიელ დრისკოლი კი უკრაინულ მხარეს შეხვდება.
ტრამპის თანახმად, შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული თავდაპირველი 28-პუნქტიანი გეგმა ორივე მხარის დამატებითი წინადადებების გათვალისწინებით დამუშავდა და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე სადავო პუნქტი.
წინასწარი ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია პუტინს მომავალ კვირაში შეხვდება.




