რუსეთის პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენლები განიხილავდნენ უკრაინის შესახებ „სამშვიდობო გეგმის“ რუსული პროექტის ამერიკელებისთვის გადაცემას, რათა მათ თავის ინიციატივად წარმოედგინათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კი კრემლს ურჩევდა, როგორ უნდა განეხილა პუტინს ტრამპთან უკრაინის საკითხი.
ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის, ამერიკელებთან მოლაპარაკებებში ჩართული კირილ დმიტრიევის და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის და პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით.
Bloomberg-ის ინფორმაციით, უიტკოფმა უშაკოვს ოქტომბერში შესთავაზა მუშაობა სამშვიდობო შეთანხმებაზე რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. სააგენტოს თანახმად, უიტკოფსა და უშაკოვს შორის სატელეფონო საუბარი 14 ოქტომბერს გაიმართა. უიტკოფმა უშაკოვს ურჩია, როგორ უნდა განეხილა პუტინს ტრამპთან უკრაინის საკითხი. კერძოდ, ტრამპისთვის უნდა დაერეკა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტამდე და ღაზის სექტორის შესახებ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაც მიელოცა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მის მიერ მოპოვებული მეორე ჩანაწერი ასახავს 29 ოქტომბერს გამართულ საუბარს იური უშაკოვსა და კირილ დმიტრიევს შორის, რომლებიც განიხილავენ „სამშვიდობო გეგმის“ რუსული პროექტის ამერიკელებისთვს გადაცემის სქემას, რათა მათ ეს იდეები თავის ინიციატივად წარმოედგინათ. სააგენტოს მიერ გავრცელებული ტექსტის მიხედვით, დმიტრიევი უშაკოვს ეუბნება, რომ „ამ ქაღალდს“ მათ(ამერიკულ მხარეს) არაფორმალურად გადასცემს, მათ კი „გააკეთონ, როგორც თავისი“, არ ფიქრობს, რომ მთლიანად ამ ვერსიას აიღებენ, მაგრამ მაქსიმალურად დაახლოებული მაინც იქნება.
კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი „ფეიკია“.
ინფორმაცია, რომ აშშ საიდუმლოდ მუშაობს უკრაინაში ომის დასრულების გეგმაზე, პირველად 18 ნოემბერს გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა. კირილ დმიტრიევმა, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით მოქმედებს, დაადასტურა, რომ ოქტომბერში მაიამიში შეხვდა პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფს.
მომდევნო დღეებში არაერთი მედიასაშუალება ვაშინგტონის 28-პუნქტიან გეგმაზე დაყრდნობით წერდა, რომ მასში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად დიდწილად ასახულია რუსეთის მოთხოვნები. მათ შორის უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებისა და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირება და უკრაინის უარი, გახდეს ნატოს წევრი.
მედია ამ გეგმას „უიტკოფი-დმიტრიევის გეგმადაც” მოიხსენიებდა.
20 ნოემბერს, როცა აშშ-ის დელეგაცია არმიის მდივნის, დენიელ დრისკოლის ხელმძღვანელობით კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, მისმა ოფისმა დაადასტურა, რომ ამერიკული მხარისგან გეგმა მიიღეს
21 ნოემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე – ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.
23 ნოემბერს ჟენევაში გაიმართა აშშ-ისა და უკრაინის მაღალჩინოსნების მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.
ფორუმი




