„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეხმაურებიან ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს ინტერვიუს რადიო თავისუფლებასთან, სადაც ის, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანას „სამხრეთ კავკასიის კონტექსტში“ განიხილავს და „უაღრესად შეშფოთებულია“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით.
24 ნოემბერს რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა მარკ რიუტეს ჩამოართვა ინტერვიუ. საუბრის მიმდინარეობისას მან ნატოს გენერალურ მდივანს ჰკითხა:
„ევროპის კავშირმა გადაწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. თქვენც იგივე ნაბიჯს დგამთ? საქართველო კვლავ ნატოში გაწევრიანების ასპირანყ ქვეყანად რჩება“?
„უაღრესად შეშფოთებულები ვართ“ – რიუტე საქართველოზე
რიუტემ განაცხადა, რომ „ნებისმიერ ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში, რომელსაც სურს ნატოს წევრობა, შეუძლია ეს სურვილი ოფიციალურად განაცხადოს, რის შემდეგაც იწყება შესაბამისი პროცესი“, შემდეგ კი თქვა:
„რა თქმა უნდა, არ ვარ გულუბრყვილოდ განწყობილი საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ. ჩვენ უაღრესად შეშფოთებულები ვართ. ეს ცალსახად ავუხსენით ქართველებს“, – განაცხადა რიუტემ.
„გვაქვს თანამშრომლობა მათთან, და ვფიქრობ, თავად ეს თანამშრომლობაც ემსახურება ერთ კონკრეტულ მიზანს — არსებობდეს არხი, რომლის საშუალებითაც ჩვენს შეშფოთებებს ნათლად ვაფიქსირებთ“, – დასძინა მან.
„მოდით, ამას ერთიანობაში შევხედოთ: ერთი მხრივ არის საქართველო, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია ის, რაც ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის — სიტუაცია აშკარად უკეთეს ფაზაში გადავიდა, რაც ნაწილობრივ იმ ნაბიჯებსაც უკავშირდება, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა. ამიტომ საქართველოსაც მთელი სამხრეთ კავკასიის კონტექსტში შევხედავდი“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„ოცნების“ ლიდერების გამოხმაურებები
თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2008 წლის ომისა და უკრაინის მოვლენები – რუსეთის აგრესია ამ ქვეყნების წინააღმდეგ – ნატოს ინტერესებს დაუკავშირა.
„ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და ა.შ., რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ“, – თქვა მან.
„მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა… განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, – განაცხადა მან.
ასევე თქვა, რომ „30 წელია ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა“.
სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „თუ მიამიტობაზეა საუბარი, ქართველი ხალხი აღარ არის უკვე მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ. მგონი, კარგად ხედავს ქართველი ხალხი, თუ რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს, რომ თქვეს, კარი ღია არისო, გავიდა 17 წელი“.
„ჩვენკენ თითის გამოშვერა და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ აქეთ თითის გამოშვერა აიტანოს! ბურთი სრულად ნატოს ტერიტორიაზე. საქართველოს ყველაფერი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს ნატოს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სადავო პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ მარკ რიუტე „გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს“ და თქვა, რომ წყაროები, საიდანაც ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები საქართველოს შესახებ ინფორმაციას იღებენ არის „აქაური რადიკალებისგან“.
„ამ რაღაც ტენდენციურ განცხადებას, ასეთი ელფერის მქონე განცხადებას ჯობია, თუ არის რაიმე სათქმელი, ბოლომდე გაგვაგებინოს… ჩვენ ვაგრძელებთ ნატოსთან ურთიერთობას. თქვენ კარგად იცით, რომ გრძელდება გარკვეული წვრთნები, ერთობლივი მოქმედებები. ბუნებრივია, მომავალი იმაზეა დამოკიდებული, რა განწყობა იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები ზოგადად, ამ მოცემულობაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა: „ამდენი წლის განმავლობაში, საქართველო ფაქტობრივად, ღია კარში დგას და ნატოში არ უშვებენ. სამაგიეროდ, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ საქართველოსთან მიმართებით“.
ფორუმი




