უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით რუსეთში დაარტყეს რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტს. ამის შესახებ 25 ნოემბერს, დღისით განაცხადა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ.
სოციალური ქსელებით გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, „რუსი აგრესორის სამხედრო-ეკონომიკური და შეტევითი პოტენციალის შესამცირებლად“ უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფის სამხედროებმა უკრაინული ფრთოსანი რაკეტებით „ნეპტუნი“ და რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატებით „ბარსი“ შეუტიეს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგსა და კრასნოდარის მხარის ქალაქებში, ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში მდებარე ობიექტებს.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის თანახმად, დღეს, 25 ნოემბერს ტაგანროგში დაარტყეს ბერიევის სახელობის ავიაშემკეთებელ ქარხანას და დრონების მწარმოებელ ქარხანა „ატლანტ აეროს“, სადაც დაფიქსირებულია მრავალრიცხოვანი აფეთქებები და ხანძრები.
სარდლობის ინფორმაციით, ბერიევის სახელობის ქარხანაზე შეტევის შედეგად სავარაუდოდ, განადგურებულია ექსპერიმენტული თვითმფრინავი А-60. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა ხაზს უსვამს, რომ ტაგანროგის ამ ქარხანაში ხდება რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების, Ту-95МС-ის და სხვა სამხედრო თვითმფრინავების შეკეთება და მოდერნიზაცია.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობითვე, კრასნოდარის მხარეში დაარტყეს ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობტერმინალ „შესხარისს“ და ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და როსტოვის ოლქის და კრასნოდარის მხარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 25 ნოემბერს განაცხადეს უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ, თუმცა არაფერი უთქვამთ რაკეტებზე, ან საავიაციო და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმის შესახებ.
როსტოვის ოლქის გუბერნატორ იური სლიუსარის ინფორმაციით, ქალაქ ტაგანროგში და მის მოსაზღვრე ნეკლინოვსკის რაიონში 3 ადამიანი დაიღუპა და 10-მდე დაშავდა.
ტაგანროგის მერის, სვეტლანა კამბულოვას თანახმად, ქალაქში დაზიანდა ორი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლი, კოლეჯის და საბავშვო ბაღის შენობები და ორი საწარმო. კამბულოვას ინფორმაციით, „დაზიანებული სახლებისა და დაწესებულებების საზღვრებში შემოღებულია ლოკალური საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი“.
დრონებით „ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყებოდა კრასნოდარის მხარის გუბერატორი ვენიამინ კონდრატიევი. მისი ინფორმაციით, დაშავდა 6 ადამიანი და დაზიანდა სულ მცირე 20 სახლი.
კრასნოდარის მხარის მუნიციპალიტეტების ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობების მიხედვით, დრონებით შეტევა იყო ქალაქების, კრასნოდარის, ნოვოროსიისკის, ტუაფსეს და გელენჯიკის რაიონებში.
ფორუმი




