უკვე 30 წელია, ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
კალაძის თქმით, ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორებიც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან.
„წევრობას რაც შეეხება, უკვე 30 წელია ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა. არის სულ რაღაც განმარტებები, ხან MAP-ია, ხან რაღაც, არანაირი კონკრეტიკა. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, უკრაინასთან დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა – ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში დღეს თუ ხვალ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა და ა.შ. რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი მაგალითია- თქო როგორ ვთქვა, იმ უბედურებას, რაც იქ ხდება, მტერს არ ვუსურვებ. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ,“ – განაცხადა მარკ რუტემ.




