ანდრეი სიბიგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„კაია კალასს ვესაუბრე და მას უკრაინელი ხალხის, სამოქალაქო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მასობრივი იერიშის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე. ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას ხაზი გავუსვი“, – წერს სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, კაია კალასთან „სამშვიდობო ძალისხმევასთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები შეათანხმა“.
„ასევე, მადლობელი ვარ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს ხვალინდელ შეხვედრაზე მიწვევისთვის“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის განსახილველად ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა მოიწვია. რიგგარეშე სხდომა ხვალ ვირტუალურ ფორმატში ჩატარდება.




