რუსი ოკუპანტები 25 ნოემბრის ღამეს უკრაინას თავს დაესხნენ 22 სხვადასხვა ტიპის რაკეტის, მათ შორის აერობალისტური რაკეტების, და 460-ზე მეტი დრონის გამოყენებით, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ძირითადი დარტყმა კიევის ოლქსა და დედაქალაქს მოიცავდა და ქალაქში საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დროისთვის ცნობილია 13 ადამიანის დაშავების და, სამწუხაროდ, 6 ადამიანის გარდაცვალების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი ინფორმაციით, თავდასხმამ ნგრევა გამოიწვია ოდესის ოლქში: დარტყმები განხორციელდა პორტებზე, საკვების მარაგებსა და ინფრასტრუქტურაზე, ასევე დაბომბეს დნეპრის, ხარკოვის, ჩერნიგოვის და ჩერკასის ოლქები. მთავარი სამიზნეები იყო ენერგეტიკა და ყველაფერი, რაც ნორმალურ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
ზელენსკის განცხადებით, ოთხმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
„სწორედ ამიტომ პარტნიორებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ყოველდღიურად საჭიროა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. იარაღი და საჰაერო თავდაცვა მნიშვნელოვანია, ისევე როგორც აგრესორზე სანქციებით ზეწოლა. დახმარებაში არანაირი პაუზა არ შეიძლება. ახლა მთავარია, რომ ყველა პარტნიორმა ერთად იმუშაოს, კოორდინირებული ძალისხმევით, დიპლომატიის მიმართულებით. რუსეთზე ზეწოლამ აუცილებლად უნდა იმუშაოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.




